ქართული ღვინო საფრანგეთში გამართულ ღვინისა და გასტრონომიის ფესტივალზე „Salon Savim“ იყო წარმოდგენლი

„ღვინის ეროვნული სააგენტოს“ და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Le Pont Caucasien“ მხარდაჭერით, საფრანგეთის ქალაქ მარსელში გამართულ ღვინისა და გასტრონომიის ფესტივალზე „Salon Savim“ ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა.

სააგენტოს ინფორმაციით, ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, გასცნობოდნენ 10-მდე ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიისა და მცირე მარნის სხვადასხვა დასახელების ღვინოებს. ფესტივალზე ქართული ღვინო საფრანგეთში მოღვაწე ენოლოგმა, კომპანიის „Le Pont Caucasien“ ხელმძღვანელმა ილია კახოიძემ წარადგინა.

ფესტივალი „Salon Savim” საფრანგეთის ღვინისა და გასტრონომიის ერთ-ერთი წამყვანი ღონისძიებაა, რომელსაც ყოველწლიურად ასი ათასზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის, ათასობით ღვინის პროფესიონალი, HoReCa სექტორის წარმომადგენელი და მომხმარებელი სტუმრობს. ფესტივალზე სულ წარმოდგენილი იყო 450-მდე ღვინის მწარმოებელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

„ღვინის ეროვნული სააგენტოს“ საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს, მათ შორის, მეღვინეობით სახელგანთქმულ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საფრანგეთია, სადაც ქართულ ღვინოზე, განსაკუთრებით კი, ქვევრის ღვინოზე, მოთხოვნა მუდმივად მზარდია. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან საფრანგეთში 116 ათასი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც 75%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდისა და ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, 2025 წლის 10 თვეში, ქართული ღვინო 29 გამოფენა-ფესტივალსა და 250-მდე დეგუსტაცია-სემინარზე აშშ-ში, ევროპისა და აზიის, ჯამში, 20-მდე ქვეყანაში იყო წარდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები