აშშ–სა და ბრაზილიაში ჩატარებულმა ფართომასშტაბიანმა კვლევამ აჩვენა, რომ ასაკის მატებასთან ერთად ადამიანებში პოლიტიკურ მიკერძოებასთან მიჯაჭვულობა იზრდება და ეს ტენდენცია ახალ ამბებში ობიექტურობის აღქმას ამცირებს.
კოლორადოს უნივერსიტეტის (Boulder) და როჩესტერის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა 2,400-ზე მეტი მონაწილის მონაცემები გააანალიზეს. კვლევაში მონაწილეობდნენ აშშ-სა და ბრაზილიის მოქალაქეები, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებიდან.
55 წლის და უფროსი ასაკის ზრდასრული ადამიანები გაცილებით უფრო მეტად ავრცელებენ პოლიტიკურ დეზინფორმაციას, ვიდრე სოციალური მედიის ახალგაზრდა მომხმარებლები. ადამიანები ასაკის მატებასთან ერთად უფრო პოლიტიკურად მიკერძოებულები ხდებიან და პოლიტიკურ კუთვნილებასთან ეს მიჯაჭვულობა ხელს უშლის მათ ახალი ამბების ობიექტურად აღქმის უნარს.
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ უფროსი ასაკის ადამიანები უფრო ხშირად ენდობიან და აზიარებენ იმ კონტენტის ნაწილს, რომელიც მათ პოლიტიკურ იდენტობასთან თანხვედრაშია, მაშინაც კი, თუ ინფორმაცია დაუზუსტებელი ან მცდარია.
როგორც ცნობილია, ეს ტენდენცია შეინიშნებოდა ორივე ქვეყანაში, რაც მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ პრობლემა უნივერსალურია და არა მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური გარემოს შედეგი.
კვლევის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ დეზინფორმაცია იმიტომ კი არ ვრცელდება, რომ ხანდაზმული ადამიანები გულუბრყვილოები არიან, არამედ იმიტომ, რომ პოლიტიკურმა ლოიალობამ, შეიძლება, კრიტიკული აზროვნება დაჩრდილოს.
“ნაკლები მიკერძოება და დიალოგისთვის მეტი გახსნილობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფაქტების შემოწმება”, – ამბობს კვლევის თანაავტორი, პროფესორი ლიფ ვან ბოვენი.