“პარლამენტმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, გააუქმოს „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“ – მჯერა, ეს აუცილებელი ნაბიჯია საქართველოს თითოეული მოქალაქის სანუკვარი ოცნების ახდენისკენ” – ბექა ოდიშარია
“პარლამენტმა და საქართველოს მთავრობამ მიიღეს ისტორიული გადაწყვეტილება, გაუქმდეს „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“. მჯერა, ეს მნიშვნელოვანი, აუცილებელი ნაბიჯია საქართველოს თითოეული მოქალაქის სანუკვარი ოცნების ახდენისკენ”, – ამის შესახებ საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია სოციალურ ქსელში წერს.
ის „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია უქმდება.
„ისტორიული გადაწყვეტილება. ის სამართლიანი მოცემულობა, რაც საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობიდან მოსულმა ხელისუფლებამ დაგვიტოვა, სააკაშვილმა და მისმა მთავრობამ თავდაყირა დააყენა და კვლავ გააჩინა, ისტორიასთან არანაირი კავშირის მქონე, წმინდა ბოლშევიკური სახელდება – „სამხრეთ ოსეთი“. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტმა და საქართველოს მთავრობამ მიიღეს ისტორიული გადაწყვეტილება, კვლავ დაუმკვიდროს, აწ უკვე მყარი საფუძველი, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ისტორიულ გადაწყვეტილებას, გააუქმოს სსრ კავშირის და „ნაცმოძრაობის“ საოკუპაციო(!) სამართლებრივი ფორმა – „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“. მჯერა, ეს პირველი, მნიშვნელოვანი გადადგმული აუცილებელი ნაბიჯია საქართველოს თითოეული მოქალაქის სანუკვარი ოცნების ახდენისკენ“, – წერს ბექა ოდიშარია.