“ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ნებისმიერ პირს აქვს საშუალება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ეძიოს სამართალი, თუკი მიიჩნევს, რომ მის მიმართ განხორციელდა ან პოლიტიკური დევნა ან უსამართლობა” – ნანა კაკაბაძე

“ჩვენ ვცხოვრობთ იმ ქვეყანაში, სადაც ნებისმიერ პირს აქვს საშუალება, როგორც ქვეყნის შიგნით ეროვნულ დონეზე, ისე ქვეყნის გარეთ ეძიოს სამართალი თუ კი თვლის, რომ მის მიმართ განხორციელდა ან პოლიტიკური დევნა ან უსამართლობა”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნანა კაკაბაძემ განუცხადა.

აღნიშნულით ის ე.წ. საბოტაჟის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის გამოძიებას გამოეხმაურა.

„იმედი მაქვს, რომ თუ კი ისინი კვლავ მიმართავენ სტრასბურგს, კვლავაც იმავე პასუხს მიიღებენ. სწორედ ამიტომ არის მათი მღელვარება ასეთი სერიოზული, რომ მათ ზუსტად იციან, რომ დავა, რაზეც დღეს პროკურატურა მათ ბრალს უყენებს არის დაფუძნებული რეალურ მტკიცებულებებზე და არა ვინმეს მიერ გამოგონილ თხზულებებზე. და ამ მტკიცებულებებს ქართული საზოგადოება პირდაპირი ეთერის საშუალებით უყურებდა ტელევიზიების მეშვეობით, როგორც მიტინგებზე და მანიფესტაციებზე, ისე თანამშრომლობას ამ კრიმინალური დაჯგუფების უცხოელ თავიანთ პატრონებთან თუ დამკვეთებთან.

ეს ორი ჯგუფი – ქვეყნის შიგნით აგენტურა და ქვეყნის გარეთ მათი პატრონები ერთი და იგივე ფორმულით მოქმედებდნენ. მათთვის არ იყო პოლიტიკა მნიშვნელოვანი. მათთვის მნიშვნელოვანი იყო იმ დაკვეთის შესრულება, რომელიც მდგომარეობდა შემდეგში, რომ დაემხოთ მათი პატრონებისთვის არასასურველი ხელისუფლება და მოეყვანათ ხელისუფლებაში მათი პატრონების მონური მორჩილებით გამორჩეული ჯგუფები. ეს იყო ძირითადი არსი, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან. ეს არის პირდაპირი მნიშვნელობით ქვეყნის ღალატი“, – განაცხადა კაკაბაძემ.

შეგახსენებთ, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ფაქტებზე მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები