შალვა პაპუაშვილი: გიორგი გახარიას პარტიამ თავს უშველა იმით, რომ პარლამენტში შემოვიდა
„გიორგი გახარიას პარტიამ თავს უშველა იმით, რომ პარლამენტში შემოვიდა,“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარტიაზე „გახარია საქართველოსთვის“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საკმარისი არ არის მხოლოდ კონკრეტული პარტია თავისი ქმედებით თუ იდეებით იყოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო, არამედ აუცილებელია ის რეალურ საფრთხეს უქმნიდეს კონსტიტუციურ წყობილებას.
„პირველი, რამდენად მყარია სამართლებრივი არგუმენტები პარტიის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით და ამ არგუმენტს აკმაყოფილებს 3+ რამდენიმე პარტია, რომელიც არ მოხვდა სარჩელში, ვინაიდან მეორე კრიტერიუმიც გვქონდა, რაც საერთაშორისო სტანდარტია, რომ საკმარისი არ არის მხოლოდ კონკრეტული პარტია თავისი ქმედებით თუ იდეებით იყოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო, არამედ აუცილებელია ის რეალურ საფრთხეს უქმნიდეს კონსტიტუციურ წყობილებას. ერთკაციანი, მარგინალური, ქაღალდზე არსებული პარტიები ამ საფრთხეს არ უქმნიან. რაც შეეხება გახარიას პარტიას, მან პირველ კრიტერიუმშივე თავს უშველა იმით, რომ შემოვიდა პარლამენტში.
ერთი არის პოლიტიკური შეფასება, მეორე არის სისხლის სამართლებრივი შეფასება და მესამე არის კონსტიტუციურ სამართლებრივი შეფასება. შესაძლოა ამა თუ იმ ქმედებასთან დაკავშირებით საკმარისი არგუმენტი იყოს პოლიტიკურად გასაკიცხად, თუმცა არ იყოს საკმარისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის. შეიძლება რაღაც ქმედება იყოს პოლიტიკურად დასაძრახი, სისხლის სამართლებრივადაც დასჯადი, თუმცა არ აკმაყოფილებდეს კონსტიტუციურ სამართლებრივ წინაპირობას პარტიის ასაკრძალად. ამ კრიტერიუმებით ვისარგებლეთ, რომ ვყოფილიყავით მყარი ჩვენს სასარჩელო მოთხოვნაში. გახარიას პარტიასთან დაკავშირებით ეს არგუმენტი რაც გვექნებოდა იქნებოდა არჩევნების საბოტაჟი, რაც მათ დაიწყეს 2024 წელს, თუმცა იმით, რომ შემოვიდნენ პარლამენტში, მათ უშველეს თავს და ამ სამართლებრივი არგუმენტისგან თავი გაითავისუფლეს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.