ნეპოტიზმი თავდაცვის სამინისტროში – რა თანამდებობებს იკავებენ მამა-შვილი კაპანაძეები ალასანიას უწყებაში
ნეპოტიზმის მორიგი ფაქტი თავდაცვის სამინისტროში. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსის შვილი ამავე სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის შესყიდვების, მონიტორინგისა და ანალიზის სამმართველოს უფროსის მოადგილის პოსტს იკავებს. როგორც „კვირას“ თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის შესყიდვების, მონიტორინგისა და ანალიზის სამმართველოს უფროსმა კახაბერ ხარებავამ განუცხადა, ანა კაპანაძე უკვე ორი კვირაა, უწყების სხვა სამმართველოში გადაიყვანეს და იქაც სამმართველოს მოადგილის სტატუსით სარგებლობს. კახა ხარებავამ არ გაამხილა, თუ რა საკადრო ცვლილების შედეგად დატოვა ანა კაპანაძემ თანამდებობა.
„კვირას“ კითხვას, რა საკადრო ცვლილების შედეგად შეიცვალა თანამდებობა ანა კაპანაძემ, თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში კითხვითვე გვიპასუხეს: „რაში გაინტერესებთ?“
არღვევს თუ არა საჯარო სამსახურის შესახებ კანონს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე ვახტანგ კაპანაძე? – ამ კითხვით „კვირამ“ იურისტ ინგა ნებიერიძეს მიმართა, თუმცა, ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ინგა ნებიერიძემ, რომელიც, ამავდროულად, ვახტანგ კაპანაძის მეუღლეა, ტელეფონი გათიშა.
„ოფიციალურ შეხვედრაზე ვარ“, – აღნიშნა ინგა ნებიერიძემ და ტელეფონი მას შემდეგ გათიშა, რაც „კვირას“ შეკითხვა შეიტყო.
აღსანიშნავია, რომ მამა-შვილი ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას, შემოსავლების გრაფაში თანხების სხვადასხვა რაოდენობას მიუთითებენ. თუმცა, ორივე მათგანმა ქონებრივი დეკლარაცია 2014 წელს შეავსო. შესაბამისად, 2013 წლის მონაცემების მიხედვით, ოჯახის წევრების შემოსავლების თანხვედრა უნდა მომხდარიყო.
ვატანგ კაპანაძე: გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე – 50 762.00 ლარი, ამის შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, გენერალური შტაბის უფროსი – 5 600.00 ლარი. მეუღლე ინგა ნებიერიძე: საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი მდივანი – 16 000.00 ლარი; ანა კაპანაძე: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამმართველოს უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი -11 000 ლარი.
შვილი – ანა კაპანაძე: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოადგილე – 17 000 ლარი; ვახტანგ კაპანაძე: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსი – 46 000 ლარი; ინგა ნებიერიძე – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი მდივანი – 15 000 ლარი.
ვახტანგ კაპანაძის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გენარალ-მაიორს თბილისში ერთი საცხოვრებელი სახლი და რამდენიმე მიწის ნაკვეთი აქვს. კერძოდ, ვახტანგ კაპანაძე 1300. კვ.მ-ს ფართობის მიწის ნაკვეთს დაბა კოჯორში ფლობს. ხოლო 600-600 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთები აქვს თიანეთის რაიონში, თეთრიწყაროს რაიონში, ბორჯომში, სამცხე-ჯავახეთში, დაბა ტბაზე და სოფელ გლდანში.
გენერალ-მაიორის მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული თბილისის სხვადასხვა უბანში რამდენი საცხოვრებელი ბინა. კერძოდ, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ინგა ნებიერიძის სახელზეა გაფორმებული ბინები, თბილისში ბარნოვის ქუჩაზე, კრწანისში და კიდევ ერთი ბინა, რომელიც 70 კვ.მ-ია, თუმცა ზუსტი მისამართი მითითებული არ არის (ეს ბინა მხოლოდ ანა კაპანაძის ქონებრივ დეკლარაციაშია მითითებული)
ანა კაპანაძის მფლობელობაშია მსუბუქი ავტომანქანა „mercedes-benz 2002 RIR 751“ , ხოლო ინგა ნებიერიძე „mercedez ML 2001 GBA-008“ -ს ფლობს. ვახტანგ კაპანაძის სახელზეა რეგისტრირებული ორი ცეცხლსასროლი იარაღი – „glock-30“ და პისტოლეტი „bereta“
ინგა ნებიერიძე, 2010–2012 წლებში ადვოკატთა უფლებების დაცვის კომისიის წევრი და 2013 წლიდან ადვოკატთა სოციალური დახმარების ფონდის გამგეობის წევრია.
ვახტანგ კაპანაძეს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს.
ხათუნა მჭედლიშვილი