შალვა პაპუაშვილი – საკონსტიტუციო სარჩელზე: ეს არის პირველი შემთხვევა პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განიხილოს – მიმდინარეობს მისი დახვეწა
„ეს არის პირველი შემთხვევა პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განიხილოს – მიმდინარეობს მისი დახვეწა,“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სხვადასხვა ცვლილებით ჩვენ ამოვავსეთ ყველა ხარვეზი, რომელიც არსებობს პარტიასთან და პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით.
„კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს კომპლექსური საკითხია. მათ შორის, მოიცავს დიდ პერიოდს სხვადასხვა პარტიების მოქმედებისა, ეს ერთი. მეორე, ეს არის პირველი შემთხვევა პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განიხილოს. აქედან გამომდინარე, ეს არის ისტორიული პროცესი და ჩვენ გვინდა, რომ სარჩელი, რომელიც საქართველოს ისტორიაში შევა, იყოს ისეთი დოკუმენტი, რომელიც იმსახურებს შემდეგ, რომ ისტორიული დოკუმენტის სახელი ჰქონდეს. ამიტომ, მიდის მუშაობა, რომ სარჩელს საბოლოო სახე მივცეთ. ამ დღეებში შევიტანთ და გაცნობებთ მის შინაარს.
რაც შეეხება რა არის მიზანი, მე ავხსენი კიდეც, მათ შორის სხვადასხვა ცვლილებით ჩვენ ამოვავსეთ ყველა ხარვეზი, რომელიც არსებობს პარტიასთან და პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით. ის, რაც არ გვქონდა აქამდე ჩვენს კანონმდებლობაში და არის სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში, გავითვალისწინეთ ეს პრაქტიკაც. მათ შორის, მემკვიდრე პარტიის ინსტიტუტი და ასევე ინდივიდების პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის შესაძლებლობა. ამიტომ, დღეს ჩვენ პარტიებთან დაკავშირებით გვაქვს რამდენიმე ოფცია. პირველი, ამ სარჩელიდან გამომდინარე, მოვითხოვოთ ამა თუ იმ პარტიის საქმიანობის აკრძალვა. მეორე, მოვითხოვოთ ამა თუ იმ პარტიის სახელით წარმომადგენლობით ორგანოებში არჩეული პირებისთვის მანდატის შეწყვეტა. მესამე, მოვითხოვოთ ცალკეული ინდივიდების პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა. სამომავლო ინსტრუმენტი, ზოგადად, არსებობს მემკვიდრე პარტიის, თუკი აიკრძალება პარტია და მისი წევრები იდენტურ პარტიას შექმნიან, მისი აკრძალვა. შესაბამისად, ჩვენ დღეს გვაქვს სამი ოფცია – პარტიის აკრძალვის მოთხოვნა, მათი რიგებიდან არჩეული პარლამენტის თუ საკრებულოს წევრების მანდატების შეწყვეტის მოთხოვნა და ცალკეული, კონკრეტული ინდივიდების პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა. ჩვენ, მათ შორის, ამაზე ვმსჯელობთ. ამ სამი ოფციიდან რომელი, ან რომელი მოთხოვნის კომბინაციით მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს ამ ჯერზე. ამიტომ, ესეც გახლავთ საკითხი რომელსაც ასევე იხილავთ როგორც კი სარჩელი გასაჯაროვდება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.