პაპუაშვილი – გახარიას პარტიაზე: უარესად სასაცილო მდგომარეობაში თავს ნუ ჩაიგდებენ ისეთი განცხადებებით, რომ პარლამენტი არ არის ლეგიტიმური, მაგრამ მე „მაინც შევდივარ და ჩემი 8% არის ლეგიტიმური”
“დამოკიდებულება, რაც გვქონდა გიორგი გახარიას და მისი გუნდის მიმართ წინა მოწვევის პარლამენტში, ამის შემდეგ თუ გაუარესდა, თორემ გაუმჯობესებისკენ არაფერი წავიდოდა. ზუსტად ამის შემდეგ იყო არჩევნების არაღიარება, ბოიკოტი, ნახევარი ფეხით შემოსვლა პარლამენტში, ასე რომ, არ უნდა ელოდონ, რომ ისე მოიქცევა საპარლამენტო უმრავლესობა, თითქოს არაფერი მომხდარა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ერთადერთი, რასაც მათ ვურჩევდი – ისედაც სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი და უარესად სასაცილო მდგომარეობაში თავს ნუ ჩაიგდებენ ისეთი განცხადებებით, რომ პარლამენტი არ არის ლეგიტიმური, მაგრამ მე „მაინც შევდივარ და ჩემი 8% არის ლეგიტიმური“. სისულელეს მიღმა მყოფი სასაცილო განცხადებებია. ხედავთ, საზოგადოებისგან რა რეაქცია არის – დასცინიან მათ ასეთი განცხადებებით გამო. ნახევრად ფეხმძიმობა არ არსებობს – ან არიან საქართველოს პარლამენტის წევრები, ან არ არიან საქართველოს პარლამენტის წევრები. თუ მათი გადაწყვეტილებაა იმუშაონ საქართველოს პარლამენტში, ნება იბოძონ და პატივი სცენ ქართველ ხალხს – ყველას, არა მარტო თავიანთ ამომრჩეველს, არამედ ყველას და ნუ შეეცდებიან სასაცილო განცხადებების გაკეთებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.