ირანში კაფეებისა და რესტორნების საქმიანობა, რომლებიც არ იცავენ ისლამურ ღირებულებებსა და საზოგადოებრივი მორალის წესებს, შეჩერდა,- ინფორმაცია Telegram-ის არხებზე ვრცელდება.
გავრცელებული ცნობით, ლორესტანის პროვინციაში, ბორუჯერდში, ჰიჯაბის წესების დარღვევისა და მამაკაცებსა და ქალებს შორის შერეული ზეიმის ორგანიზების გამო, 11 დაწესებულება დაიხურა.
ბორუჯერდის ქალაქის პოლიციის უფროსის, მეჰდი მაჰდავის თქმით, შემოწმებების შედეგად ამ ადგილებში ისლამური ნორმების დარღვევები გამოვლინდა. ამ მიზეზით, მათი საქმიანობა დროებით შეჩერებულია „საზოგადოებრივი წესრიგის განმტკიცებისა და სოციალური დისციპლინის უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში.
მაჰდავიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ზომები ქვეყანაში ისლამური ღირებულებების დაცვასა და საზოგადოებრივ ადგილებში ეთიკური სტანდარტების მკაცრი დაცვის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
მისი თქმით, საზოგადოებრივი მორალისა და რელიგიური ნორმების დარღვევისთვის, თითოეულ დაწესებულებას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება.
ცნობისთვის, ბოლო თვეების განმავლობაში ირანის მთავრობამ გაამკაცრა კონტროლი ჰიჯაბის წესების დარღვევის შემთხვევებზე. შედეგად, რიგ ქალაქებში ათობით კაფე, სილამაზის სალონი და სავაჭრო ცენტრი დროებით დაიხურა.