ირაკლი ქადაგიშვილი: 64-ვე მუნიციპალიტეტში „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა; თვითმმართველობა დღეს განვითარების საკმაოდ მაღალ ეტაპზეა და ადამიანებს ხელისუფლების და თვითმმართველობის ნდობა აქვთ

„4 ოქტომბრის არჩევნები – ეს იყო თვითმმართველობის არჩევნები, სადაც ქვეყანამ აირჩია თვითმმართველობის ხელისუფლება, რომელსაც პირდაპირი, უშუალო კავშირი გააჩნია თითოეულ მოქალაქესთან“, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ქადაგიშვილმა 4 ოქტომბრის არჩევნები კიდევ ერთხელ შეაფასა და განმარტა, რომ საარჩევნო კამპანიისას ყოველი გაცემული დაპირება მოსახლეობის მხრიდან ნდობით იყო აღქმული.

„64-ვე მუნიციპალიტეტში „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და ეს რა თქმა უნდა, განსაკუთრებული პასუხისმგებლობის ქვეშ აყენებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. თვითმმართველობა დღეს არის განვითარების საკმაოდ მაღალ ეტაპზე, რომელიც არა მარტო უფლებამოსილებების გაფართოებით არის გამორჩეული, არამედ მნიშვნელოვნად მოხდა თვითმმართველობის ეკონომიკური და ფინანსური შესაძლებლობების გაზრდა, რაც გამოწვეულია რა თქმა უნდა, ქვეყანაში საერთო ეკონომიკური ზრდის ტემპის ზრდით. ის მონაპოვარი და ის გაკეთებული საქმეები, რომელიც თვითმმართველობებში ჩვენ დღეს უკვე გვაქვს, ეს ეხება როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, წყლის პროექტების განხორციელებას, მყარი ნარჩენების გატანას და მართვას, მუნიციპალური ტრანსპორტის დანერგვას, ეს ეხება საბავშვო ბაღების შემდგომ მშენებლობებს და კაპიტალურ რეკონსტრუქციას, აგრეთვე ეს ეხება სასკოლო ინფრასტრუქტურის ძირფესვიან განახლებას.
დღეს გვაქვს იმის საშუალება, რომ მოხდეს მათ შორის, სოციალური პოლიტიკის ისეთი შემადგენელი ნაწილების, როგორიც არის უმწეოთა დახმარება, ჯანდაცვის პროგრამები, მუნიციპალურ დონეზე ამ საკითხების წინ წამოწევა და კიდევ უფრო ეფექტურად გადაჭრა. ეს არის რეალური პოლიტიკა. ის პოლიტიკა, რომელიც ხალხს უშუალოდ აინტერესებს და ხალხის ცხოვრების დონეზე პირდაპირ არის ასახული. ამავდროულად ვხედავთ, რომ ამას აქვს თავისი პოლიტიკური მდგენელიც, როდესაც ადამიანებს სჯერა იმის, რასაც ხელისუფლება ეუბნება და ვინც საარჩევნო კამპანიაში ვიყავით ჩართული, ვხედავდით, რომ ყოველი გაცემული დაპირება, მოსახლეობის მხრიდან ნდობით არის აღქმული იმიტომ, რომ ადამიანები ხედავენ, ყოველწლიურად მათ მუნიციპალიტეტში, ქალაქში, მათ სოფელში კონკრეტული საქმე მიდის წინ და ეს ნდობა დღეს ხელისუფლებას და თვითმმართველობას მოპოვებული აქვს”, – აღნიშნა ქადაგიშვილმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები