შარმანაშვილი – საკანონმდებლო ინიციატივაზე: მოწოდებები, ადმინისტრაციული დაკავებები, ჯარიმები არ აღმოჩნდა ქმედითი; სახელმწიფო ამას გულგრილად ვეღარ შეხედავს და მიიღებს უფრო ქმედით ზომებს

“მოწოდებები, ადმინისტრაციული დაკავებები, ჯარიმები არ აღმოჩნდა ქმედითი. მაინც გრძელდება კანონის დარღვევა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს.

როგორც ის ამბობს, სახელმწიფო ამას გულგრილად ვეღარ შეხედავს და მიიღებს უფრო ქმედით ზომებს საკანონმდებლო დონეზე, რათა კანონი აღსრულდეს.

“ეს არ არის მიმართული კანონმორჩილი ადამიანების წინააღმდეგ. შეიკრიბება ის რაოდენობა ადამიანებისა, ვისაც შეუძლია, რუსთაველი გადაკეტოს?! გადაკეტონ, პოლიცია ამაში დაეხმარება და მოძრაობასაც მოაწესრიგებს, მაგრამ არის მცირე რაოდენობა, რომელიც ტროტუარსაც ვერ ავსებს და როცა მოესურვებათ გზას კეტავენ. მე ამასწინათ შევთავაზე ერთი ექსპერიმენტი – ერთი ასი კაცი წავიდეს საქართველოდან, ყველამ შევუგროვოთ ფული, პარიზში, ან ბერლინში, ქალაქი თავად აირჩიონ, ცენტრალური პროსპექტი გადაკეტონ და რით დამთავრდება მერე ვიხილავთ“, – აცხადებს შარმანაშვილი.

ცნობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში რიგი ცვლილებები შევა.

ცვლილებების თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი ან/და მომწამვლელი ნივთიერების ქონის, გზის გადაკეტვის ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია, ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები