ირაკლი ქადაგიშვილი – სააკაშვილი ცდილობს, ახალგაზრდების გაუთვითცნობიერებელ ნაწილს ტერორიზმის გამართლების იდეა თავს მოახვიოს
„სააკაშვილი ცდილობს, ახალგაზრდების გაუთვითცნობიერებელ ნაწილს ტერორიზმის გამართლების იდეა თავს მოახვიოს, მაგრამ საქართველოში ახალგაზრდებს სხვა პერსპექტივა აქვთ, ვიდრე მადაგასკარში ან ნეპალში იყო,“ – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილის განცხადება სასოწარკვეთილი ადამიანის განცხადებაა, რომელმაც კარგად გაათვითცნობიერა, რომ მისი პარტია გაბანკროტებულია.
„სააკაშვილის განცხადება სასოწარკვეთილი ადამიანის განცხადებაა, რომელმაც კარგად გაათვიცნობიერა, რომ მისი პარტია გაბანკროტებულია და რევოლუციის კი არა, რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილების მოტანაც კი არ შეუძლიათ. ამიტომ, ეს ადამიანი სპეკულაციას მოზარდი თაობით იწყებს. დედამისის უნივერსიტეტიც ამით არის დაკავებული, რომ ახალგაზრდებში იდეა, რომ ტერორიზმი გამართლებადია, დანერგოს. ეს დანაშაულებრივი აზრებია, რითაც სააკაშვილი ცდილობს, რომ ახალგაზრდების გაუთვიცნობიერებელ ნაწილს ეს იდეა თავს მოახვიოს, მაგრამ საქართველოში ახალგაზრდებს სხვა პერსპექტივა აქვთ, ვიდრე მადაგასკარში ან ნეპალში იყო. მისი იდეები ისეთივე მკვდარშობილია, როგორც სააკაშვილის პარტიაა. ახალგაზრდების პროვოკაციულად გამოყენება, რომ სახელმწიფოს დაუპირისპირონ, ამაზე ახალგაზრდები აღარ წავლენ. ვის გაბრიყვებასაც შეძლებენ, მათ მოვუწოდებ, კარგად დაფიქრდნენ, რადგან კანონს შეეჯახებიან. ესენი კიდევ ამ ადამიანებს მიატოვებენ და ასეთი პროვოკატორების მსხვერპლი გახდებიან“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რევოლუცია გარდაუვალია, მაგრამ ეს არ იქნება პარტიული რევოლუცია, თანამედროვე ეპოქაში ყველა წარმატებული რევოლუცია მოახდინა ჯენზიმ, ეს სტიქია ზოგიერთი პოლიტიკოსის ინტრიგებს არ გაითვალისწინებს.