თამარ ჩიბურდანიძე: უსაფრთხოების სამსახურმა იმდენად ეფექტურად დაიწყო მუშაობა, რომ იმედი გვაქვს, აუცილებლად იზრუნებს სოციალური მედიის და ონლაინ პლატფორმების ნეგატიური გავლენების ქვეშ მყოფ ახალგაზრდებზე

„სოციალური მედიისგან და ონლაინ პლატფორმებისგან ზომბირებული ახალგაზრდობა მოუგვარებელ პრობლემად დაგვიდგება წინ, თუკი დღესვე არ დავიწყეთ ამაზე ზრუნვა,” – წერს სოცილურ ქსელში პატია „ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

მისი თქმით, ტექნოლოგიური მიღწევები, რომელიც კიდევ უფრო მეტად ვითარდება მომავალში სერიოზულ პრობლემებს მოგვიტანს.

„სოციალური მედიისგან და ონლაინ პლატფორმებისგან რომ ბავშვები და ახალგაზრდები დასაცავია, ამაზე ხელისუფლებაც და საზოგადოებაც უკვე დიდი ხანია საუბრობს. ამ მიმართულებით გარკვეული ღინისძიებები განხორციელდა, თუმცა, ეს იმდენად პრობლემური თემაა, რომ მასშტაბური სისტემური მიდგომა სჭირდება.

დღეს ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა კეშ პატელმა განაცხადა, რომ ახალგაზრდების დასაცავად აუცილებელია სოციალურ მედიაზე და ონლაინ პლატფორმაზე ზედამხედველობის გაძლიერება, რადგან აქ რადიკალები იზრდებიან მკვლელებად. მისი თქმით, სოციალური მედია უკიდურესად უკონტროლოა, რაც განგაშის საფუძველს იძლევა და ამისთვის ის დახმარებას სთხოვს კონგრესს.

იდენტური მდგომარეობაა მთელს მსოფლიოში. სოციალური მედია და ონლაინ პლატფორმები იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ მას ვერ ეწევა ნეგატიური ზეგავლენისგან დაცვის მექანიზმების შემუშავება. ამ დილემის წინაშე დგას დღეს მთელი მსოფლიო, მათ შორის საქართველოც.

უსაფრთხოების სამსახურმა იმდენად ეფექტურად დაიწყო მუშაობა, რომ იმედი გვაქვს, აუცილებლად იზრუნებს სოციალური მედიის და ონლაინ პლატფორმების ნეგატიური გავლენის ქვეშ მყოფ ახალგაზრდებზე. ახალგაზრდობა ტექნიკური პროგრესის ნეგატიური გავლენის ტყვეობაშია.

ყველას კარგად გვახსოვს შარშან, რუსთაველზე საპროტესტო აქციებზე რომელი ანიმაციების და ონლაინ თამაშების გაცოცხლება შემოგვთავაზეს ორგანიზატორებმა. ეს იყო ძალადობაზე, მკვლელობაზე და დაუნდობლობაზე შექმნილი ანიმაციური ამბოხება “უწყინარი და მხიარული” ფეიერვერკებით. ამით მოტყუებით მიიზიდეს ახალგაზრდები. წელს კიდევ სიტყვა “ტერორიზმს” “ეროვნულობაც” შესძინეს და ამით გაამართლეს მათგან მოსალოდნელი მავნე ქმედებები. ეს რაც შეეხება საპროტესტო აქციებს, ყოველდღიურ რეჟიმში კი ჩვენი შვილები “განვითარების” მსხვერპლნი ხდებიან.

საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოება არა მარტო მოსახლეობის რაოდენობრივი პრობლემაა, არამედ, ხარისხობრივიც. სოციალური მედიისგან და ონლაინ პლატფორმებისგან ზომბირებული ახალგაზრდობა მოუგვარებელ პრობლემად დაგვიდგება წინ, თუკი დღესვე არ დავიწყეთ ამაზე ზრუნვა. ტექნოლოგიური მიღწევები კიდევ უფრო სხვა სიმაღლეზე ადის და კიდევ უფრო სერიოზულ პრობლემებს მოგვიტანს მომავალში. კაცობრიობის განვითარებას ჩვენ ვერ შევაჩერებთ, ჩვენ ამ განვითარების მავნე ზეგავლენისგან უნდა დავიცვათ ახალგაზრდობა, რომელიც მათი სამიზნეა.

უსაფრთხოების პოლიტიკა ისე არასდროს ყოფილა ჩვენი სახელმწიფოსთვის უპირატესი, როგორც დღეს. ეს გლობალური გამოწვევაა და მჯერა, ამ გამოწვევასაც დავძლევთ. უსაფრთხოების სამსახურის ეფექტური საქმიანობა ამის იმედს გვაძლევს,” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები