„დაბრუნება“ – ფელიქს ვარლამიშვილის გამოფენა გაიხსნება

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის გახსნიდან 7 წელი გავიდა – ამ თარიღს მუზეუმი პარიზში გადახვეწილი ქართველი მხატვრის – ვარლას მემკვიდრეობის დაბრუნებით აღნიშნავს.
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის ინფორმაციით, ფელიქს ვარლამიშვილის გამოფენა სახელწოდებით „დაბრუნება“ მუზეუმში 26 სექტემბერს, 18:00 საათზე  გაიხსნება და დროებით საგამოფენო დარბაზში 2 თვის განმავლობაში დარჩება. შემდეგ კი ნამუშევრები სხვა ექსპოზიციით მუზეუმის ზედა სართულზე, მუდმივმოქმედ კოლექციაში გადაინაცვლებს.
„წარმოდგენილი დროებითი ექსპოზიცია წარმოაჩენს ფელიქს ვარლამიშვილის სამშობლოსადმი ნოსტალგიის ერთგვარ დასასრულს.
ვარლას უნიკალური ტილოები კოლექციისთვის მუზეუმის დამფუძნებლის, გია ჯოხთაბერიძის ინიციატივით შეგროვდა. 7 წლის განმავლობაში, სხვადასხვა აუქციონზე შეძენილმა ნამუშევრებმა ბინა ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში დაიდო.
მუზეუმის დაარსების მთავარი მიზანი სწორედ ქართული ხელოვნების უნიკალური ნიმუშების საქართველოში შენარჩუნება იყო, ხოლო ვარლას მემკვიდრეობის ევროპიდან სამშობლოში დაბრუნების პრეცენდენტით, მუზეუმის კულტურის პოლიტიკა კიდევ უფრო გაფართოვდა.
ფელიქს ვარლამიშვილი 1930-იანი წლებიდან საფრანგეთსა და არგენტინაში მოღვაწეობდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი 1920-იან წლებში საქართველოში პოპულარული იყო და არაერთ გამოფენაში მონაწილეობდა, მისი მხატვრული ხელწერა დასავლეთში ყალიბდება. ვარლა პარიზში ცხოვრობდა მონპარნასზე, ქმნიდა დეკორატიულ ხელოვნებას სიეჟელის ატელიეში, მისი პირველი გამოფენა კი 1933 წელს სპერანცას გალერეაში გაიმართა. 1945 წელს ვარლამიშვილი ხდება „შემოდგომის სალონის“ წევრი.
ვარლას შემოქმედებაში მეორე მნიშვნელოვანი ქალაქი იყო ბუენოს-აირესი. 1950 წელს, არგენტინაში მოეწყო მისი პირველი გამოფენა, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. 1952 წელს არტისტი ბრუნდება საფრანგეთში და გარდაცვალებამდე ფერწერულ-გრაფიკულ ნამუშევრებს სწორედ იქ ქმნის.
არსებულ გამოფენაზე სწორედ ამ პერიოდის ნამუშევრებით იკვრება ვარლას ერთგვარი მონოლოგი. მისი შემოქმედების გრძნობადობა ეფუძნება საქართველოსადმი ნოსტალგიისა და დასავლეთში მოღვაწეობის ფაქტორებს; მასში ქართული კულტურული კოდები არტისტული კრედოს დონეზე არსებობდა. არავის ჰგავს ვარლას სამყარო და პერსონაჟები; უნივერსალურიცაა და ქართულიც. სტილური ნიშნებით იკითხება ფრანგული მოდერნისტული სკოლა, აბსტრაქციონიზმი, სიმბოლიზმი, სუბიექტივიზმი და ფორმალიზმი, თუმცა ქართული „კულტურული ნოსტალგია“ ვლინდება შემდეგ ნიუანსებში: პეიზაჟებში, პერსონაჟების ქართულ სილაღეში, სუფრის თუ სტუმარმასპინძლობის სცენებსა და ზოგადად გამზიარებლურ კულტურულ მოდელში.
პირველადი აღქმით, მრავალფიგურული კომპოზიციები თუ დასახლებული სივრცეები უაღრესად სოციალურია, თუმცა ამავდროულად მუდმივად იკითხება საპირისპიროც, ეს არის – გარინდება, პირადი სივრცე, ჭვრეტა, რომანტიზმი თუ პოეტური მსოფლაღქმა.
ვარლას სამყარო, მისი „ევროპულ-ქართული“ ფერწერული დღიურები, ქართული კულტურის ერთგვარი გამოვლინებაა, მასთან მთავარი მოქმედი პირი არის ინდივიდი, პროტაგონისტი“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოფენა  26 ნოემბრამდე გაგრძელდება.
მისამართი: რუსთაველის გამზირი N7.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები