ლაშა კრიალაშვილი მამის მკვლელობის დეტალებს იხსენებს
„გია თიანეთის გზატკეცილზე ჩაცხრილეს. დილით დედაჩემის ყვირილმა გამაღვიძა. ტელევიზიით გავიგეთ, რაც მოხდა, კაცობაც არ ეყოთ, რომ პირადად შეეტყობინებინათ. მახსოვს, მარტო მე და დედა მივედით მორგში“, – მუხროვანის სპეცოპერაციისას მოკლული გია კრიალაშვილის შვილი ლაშა კრიალაშვილი სპეცოპერაციის დეტალებს გაზეთ „პრაიმტაიმთან“ იხსენებს.
როგორც ლაშა კრიალაშვილი აცხადებს, მან მუხროვანის საქმე გამოითხოვა, სადაც საერთოდ არ ფიგურირებს, რომ ე.წ. ამბოხებულებს ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდათ. შესაბამისად, ორმხრივი სროლა ვერ იქნებოდა. „კადრების გავრცელების შემდეგ კი ყველაფერი ისედაც ნათელია. მაგათი მკვლელობა გამიზნული იყო, ერთი მამაჩემის და მეორე ოთანაძის, ალბათ. იმასაც გეტყვით, რომ ამ ორ ადამიანს მერაბიშვილზე და სააკაშვილზე მეტი წონა ჰქონდათ ჯარში. არ ერეოდნენ, მაგრამ ერთი სიტყვა რომ ეთქვათ, მართლა სამოქალაქო ომი და გადატრიალება მოხდებოდა,“ – აცხადებს ლაშა კრიალაშვილი.
კრიალაშვილის თქმით, მუხროვანის მოვლენებს ამბოხება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაარქვა, რელურად კი არანაირი ამბოხი არ იგეგმებოდა. მისივე თქმით, ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც ვიდეოში ჩანს. კრიალაშვილი დარწმუნებულია, რომ მუხროვანის სპეცოპერაციის ამსახველ კადრებში მერაბიშვილი სწორედ მამამისის, გია კრიალაშვილის გვამს ითხოვს.
„რა რუსი აგენტები, დავიღალეთ, ხალხნო, ამდენი ზღაპრებით. მამაჩემს სადაც საჭირო იყო, იქაც მინიმუმამდე დაჰყავდა მსხვერპლი. რომელი მაფიოზები ეგენი იყვნენ, რომ ჯერ ორი რუსი აგენტი ჩამოიყვანათ, შემდეგ დაემალათ და მოეკლათ. „სანტა-ბარბარა“ ხომ არ არის, რეებს ბოდიალობენ. თან ეს რუსი მრჩევლები ბრალდებაშიც არ ფიგურირებენ, არსად არ არის ნახსენები“, – აღნიშნავს გია კრიალაშვილის შვილი.