მარიამ ქვრივიშვილმა ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრ ავი დიხტერთან ორმხრივი ვაჭრობის ზრდის შესაძლებლობები განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის მინისტრს ავი დიხტერს შეხვდა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრებმა განიხილეს ორმხრივი სავაჭრო – ეკონომიკური ურთიერთობები, აქცენტი გაკეთდა პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ინვესტიციები, საერთაშორისო ავიაცია და სხვ.

„ხაზი გაესვა სავაჭრო ბრუნვის ზრდას – 2025 წლის იანვარი – ივლისის პერიოდში, ბრუნვა 41 პროცენტით, ხოლო ექსპორტი – 57 პროცენტით გაიზარდა. ასევე პოზიტიური იყო ვაჭრობის დინამიკა 2024 წელსაც. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დადებითი სტატისტიკის მიუხედავად, არსებობს ვაჭრობის მოცულობის ზრდის დიდი პოტენციალი, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიმართულებით.

შეხვედრაზე ორმხრივი ვაჭრობის ერთ-ერთ ხელშემწყობ ინსტრუმენტად ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა დასახელდა. ქართულმა მხარემ დააფიქსირა, რომ დაინტერესებულია, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მოლაპარაკებები ისრაელის სახელმწიფოსთან აღნიშნული შეთანხმების გაფორმებაზე, რომლის შესახებაც მიზანშეწონილობის კვლევა დასრულებულია.

ისრაელის მხარემ გამოხატა ინტერესი, ინვესტირება განხორციელდეს საქართველოს აგროსექტორში, რათა შეიქმნას საქართველოდან მიწოდების ჯაჭვი სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე, მით უფრო ისეთ სურსათზე, რომელსაც ისრაელი თავად არ აწარმოებს.

განსაკუთრებულად გამახვილდა ყურადღება თანამშრომლობაზე ტურიზმისა და ავიაციის სექტორებში. 2025 წლის პირველ ნახევარში ისრაელიდან საერთაშორისო ვიზიტორების ოდენობა  36 პროცენტით გაიზარდა, ასევე გაზრდილია მგზავრთნაკადი ისრაელიდან – 28.1 პროცენტით.

შეხვედრაზე მინისტრებმა ასევე განიხილეს ქვეყნებს შორის არსებული სხვა პრიორიტეტული მიმართულებები.

შეხვედრას დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები