ყველაზე “ქართველი იაპონელი“ მსოფლიოში და მე-19 საუკუნეში დაბადებული იაპონელი ბაბუა
საქართველო ფეხით მოიარა და ამ ქვეყნისადმი მისი სიყვარულიიმდენად ღრმა და ნამდვილია, რომ ქართულ კულტურას,ლიტერატურას და ისტორიას ბევრ ქართველზე კარგად იცნობს. ტოკიოსუნივერსიტეტის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი და ტოკიოსმეტროპოლიტან უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი,- ჰიროტაკემაედა პირველი იაპონელია, ვინც გალაკტიონი იაპონურად თარგმნა, ისკარგად იცნობს მთის ტრადიციებს და უყვარს ვაჟა. უცხოეთშიქართული კულტურის პოპულარიზაციას ეწევა და პირველი იაპონელიმეცნიერია, რომელიც 90-იან წლებში ქართული ენის შესასწავლად დაქართველების გასაცნობად ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდა.
-ბატონო ჰიროტაკე, შეიძლება ითქვას, რომ თქვენ ყველაზე ქართველი იაპონელი ხართ მთელს მსოფლიოში, რასნიშნავს ეს თქვენთვის?
– უკვე ოცი წელია, იაპონია-საქართველოს შორის მივდი-მოვდივარ. საქართველო ჩემთვის ყოველმხრივ განსაკუთრებულია. იმ დღეებში, როცა არ იყო შუქი, წყალი, 90-იან წლებში ფიზიკურ სითბოს მაინც ვგრძნობდი, სითბოსა და თბილ დამოკიდებულებას არა მარტო ჩემს მიმართ, არამედ ადამიანებს შორისაც. ძნელია, ამ გრძნობის ახსნა, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობ ქართულ საზოგადოებას, მის წარსულს, აწმყოსა და მომავლის სახეს, მის ბედს… ეს უკვე კარგა ხანია, ჩემს საქმიანობაზე ძალიან მოქმედებს და ჩემთვის ბევრს ნიშნავს.
– საქართველოსა და ქართველებთან დიდი ხნის ურთიერთობა გაქვთ. ქართული ანდაზა ამბობს: “ხარი ხართანდააბი, ან ზნეს იცვლის ან ფერსაო“. თქვენც რაიმე ქართული თვისება ან ჩვევა ხომ არ გადაგედოთ ჩვენგან?
– ქართულ კულტურაში ყველაფერი ვაზსა და ღვინოს უკავშირდება, სიყვარული ოჯახისა და მამულისადმი ქართველებს და იაპონელებს საერთო გვაქვს. მე არა ერთხელ და არა მარტო თბილისში, არამედ მთიულეთში და სხვაგანაც ბევრჯერ ვიყავი თამადა, ეს ალბათ უკვე ჩემი ქართული თვისებაა და ჩემი პერსონაჟის დამახასიათებულია. ამის გამო უფრო ღრმად ვიცნობ და ვგრძნობ საქართველოს და ეს სიყვარული სამშობლოს მიმართ გრძნობის მსგავსია.
– ბატონო ჰიროკატე, გაიხსენეთ თქვენი პირველი შეხვედრა ქართულ სამყაროსთან.
– პირველი ჩამოსვლისას ახალგაზრდა ქართველ მეგობრებთან ერთად ხშირად დავდიოდი ქალაქგარეთ ძველი ძეგლების სანახავად. მახსოვს, ერთხელ ავტობუსით წავედი და უკან მატარებლით ჩამოვედი. 1995 წელს ცუდი დრო იყო. მაგრამ ერთი ამბავი სულ მახსენდება. როცა ამილახვრების ციხისკენ მივდიოდით, ერთი ასაკოვანი ქალი იქიდან მოდიოდა. მე ქართულად მივესალმე: გამარჯობა- მეთქი, მას კი ისე გაუხარდა, რო რაც ვაშლი ჰქონდა,- ყველა მომცა. ქარი ქროდა, ძალიან ცუდი ამინდი იყო, თან ისე შემეშინდა მაშინდელი უშუქო მატარებლის, მაგრამ იმ ქალბატონის მოცემული ვაშლი მაინც კარგად დამამახსოვრდა…
– გალაკტიონი ქართულად პირველად თქვენ თარგმნეთ…
– ქართული ლიტერატურა მიყვარს, ვაჟა მინდა ვთარგმნო. როგორც ისტორიკოსს, მაინტერესებს მოდენიზაციისა და ტრადიციის საკითხები. საბედნიეროდ, ბატონი მიხო მოსულიშვილი მეხმარება და ჩემი მეუღლეც, რომელიც ენის სპეციალისტი გახლავთ. პერსპექტივში მაქვს, იაპონიის კულტურა და ლიტერატურა უფრო ახლოს გავაცნო ქართველ ხალხს. ბატონ მიხოს აინტერესებს აკუტაგავა და მინდა, მას თარგმნაში დავეხმარო.
ჩემი საყვარელი მწერალი კიოკა იზუმის (1873-1939) ნაწარმოებში ბუნება, ტრადიცია, სილამაზე,- ბევრი ისეთი მოვლენებია, რაც ვაჟას და სხვა ქართველ მწერლებსაც ახასიათებთ. კარგი ხანია, რაც უცნობ სპარსულ ხელნაწერზე ვმუშაობ. ამასთან დაკავშირებით თბილისში რამდენჯერმე მოხსენებით გამოვედი. ქეთევან დედოფლის ადრინდელ ცხოვრებაზე დაწერილი ერთადერთი სპარსული წყაროა. მისი ავტორი ალბათ ახლოს და კარგად იცნობდა გიორგი სააკაძეს. სამუშაოს დამთავრება იმიტომ მაგვიანდება, რომ ძალიან ბევრი და საინტერესო ინფორმაციაა, მაგრამ საშუალება რომ იქნება, რამდენიმე წელიწადში უნდა გამოიცეს. საბედნიეროდ, ჩემი პროფესიული საქმიანობა და შედეგები საზღვარგარეთაც აღიარეს. მიჩიგანის უნივერსიტეტში (2008 წელს) და სტერფორდის უნივერსიტეტში (2011 წელს) მიწვევით ვიყავი და წავიკითხე მოხსენება. ასევე იელის უნივერსიტეტში მაისში მათივე მოწვევით მივემგზავრები.
– ბატონო ჰორიკატე, თქვენ ორი წელი საქართველოში იცხოვრეთ, გაიხსენეთ ორი ამბავი, რომლებსაც ყველაზეხშირად იხსენებთ ხოლმე.
– თბილისში გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე, სოლოლაკში ვცხოვრობდი. სახლი ძალიან ძველ შენობაში იყო და მასპინძლის ოჯახის წყალობით მეზობლებთან ყოველდღიური კარგი ურთიერთობა მქონდა. ჩვენი ეზო ერთი დიდი ოჯახივით იყო. საღამოს ვსაუბრობდით, მეზობლები უშუქობაში გიტარაზე მღეროდნენ. მაშინ შევისწავლე არა მარტო ენა, არამედ ადამიანებიც, მათი ხასიათი და კუთხური ადათ-წესებიც. ახლა ერთი მოგონება მინდა გავიხსენო. მაშინდელი დრო უშუქობის ამბებს უკავშირდება. ერთხელ, როგორც ყოველ საღამოს, მეზობლებთან ვსაუბრობდით და უცებ ხანძარი გაჩნდა. საბედნიეროდ, მეზობლებთან ერთად მოკლე ხანში ის მოვაგვარეთ, მაგრამ მერე ერთმა მეზობელმა ემოციურად დაიწყო ლაპარაკი და ხანძარი ოჯახის მამას დააბრალა. ამის გამო ძალიან გაბრაზდა ჩემი მასპინძელი, რომელიც წყნარი, პატიოსანი და კეთილი გულის ადამიანი იყო. მეორე დღეს კი ისინი, ვითომ არაფერი მომხდარა, ისევ ერთად საუბროდნენ და ქეიფობდნენ.
– ვიცი, რომ მოგონებები ქართულ სოფელთანაც გაკავშირებთ…
– მახსოვს, გურიაში მგზავრობისას ადგილობრივებში ექვთიმე თაყაიშვილი ვახსენე და იქაურ ხალხს ძალიან გაუხარდა. კარგი ოჯახი გავიცანი და მერე კარგი ქეიფიც გაიმართა. როცა დავემშვიდობე, ასე მითხრეს, რომ მისი სახლის კარები ჩემთვის ყოველთვის ღია იქნებოდა. მაშინ სოფელში გაჩერებული იყო ყველაფერი, მაგრამ ხალხს მაინც უყვარდა თავისი მიწა და მამული, ის შთაბეჭდილება დღემდე დამრჩა…
– ქართველებისადმი სიყვარული მეუღლესაც ,,გადაედო“,- როგორია, თქვენი ოჯახის იაპონურ-ქართულიტრადიციები…
– სტუმარ-მასპინძლობა იაპონელების თვისებაცაა, მაგრამ ახლა იშვიათად ხდება, რომ განსაკუთრებით ჩემი ასაკის ხალხმა სახლში სტუმრები მიიღონ. მე ვცდილობ, როცა იაპონიაში ჩემი კოლეგა ახლო მეგობრები ჩამოდიან, იაპონიაში ჩემს სახლში მივიღო. შარშან ვესტუმრე ბატონ გოჩა საითიძეს და ბატონ ჰაირაპეტ მარგარიანს, ცნობილ სომეხ ისტრიკოსს, რომელმაც კარგად იცის ქართული ენა. ძალიან კარგი იაპონურ-ქართული საღამო იყო და ეს, რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლის დამსახურება იყო…
– ბატონო ჰიროკატე, ქართველები იაპონურმა ტანგამ, ანუ ამ სტილითლექსების წერამ ძალიან გაიტაცა…
– ეს საინტერსო მოვლენაა. ბუნების მიმართ ერთნაირი დამოკიდებულება გვაქვს და ამით ერთმანეთს ვგავართ. შარშან ქალბატონმა ოლია ბრაგვაძემ მაჩუქა თავისი წიგნი. პირველი ჩამოსვლიდანვე ჩემი ძმობილია ცნობილი პოეტი და ირანისტი გიორგი ლობჟანიძე. ქართულ პოეზიაში აღმოსავლური მომენტებიც იყო გათვალისწინებული და მათ შორის, იაპონური ტანკაც, რომელიც ევროპაშიც საკმაოდაა გავრცელებული და აღიარებული.
-ადამიანის ცხოვრებას და პიროვნებას ბავშვობაში ეყრება საფუძველი, გაიხსენეთ თქვენი ბავშვობა…
-1971 წლის მაისში ტოკიოში დავიბადე. ბავშვობაში რამდენჯერმე შევიცვალე საცხოვრებელო ადგილი და ცოტა ხანი ოსაკაშიც ვცხოვრობდი. მამა ბანკში მუშაობდა და, როგორც მაშინდელი წესი იყო, დედაჩემი, მე და ჩემი და-ძმა სახლში გაგვზარდა. ჩვენთან არის ასეთი ნათქვამი: მამამ ზურგი აჩვენოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მამის ზურგიდან ბავშვებმა შეისწავლონ ტრადიცია, წესები, საერთოდ, სამუშაოსა და ცხოვრების მიმართ სერიოზული დამოკიდებულება. დედამ კი შვილი სახლში გაზარდოს. ეს ტიპური საშუალო ოჯახის წესია. საბედნიეროდ, დიდი ბაბუის ნახვაც მოვასწარი, რომელიც მე- 19 საუკუნეში იყო დაბადებული.
ყოველ ახალ წელს ბაბუის სახლში 50 კაცი, ნათესავები ვიკრიბებოდით და ვქეიფობდით. ჩემი ბაბუა ჩემი გამზრდელია. მან 15 წლის რომ გავხდი, ორი კვირით ამერიკაში წამიყვანა. ქვეყანა უნდა ნახოსო,- მიუხედავად იმისა, რომ მისი ძმა და სიძე ომში დაღუპულნი იყვნენ.
თავად ორი წელი კანადაში ცხოვრობდა და იაპონური ფილმის ფილიალის დირექტორი იყო. უყვარდა ხორცი, რაც არ იყო დამახასიათებული მაშინდელი იაპონელისთვის. 96 წლის ასაკში გარდაიცვალა, თითქმის ბოლომდე კარგად იყო და ყველაფერს თვითონ აკეთებდა. ალბათ ჩემი მასწავლებლის ცუგიტაკა სატოს სახელიც უნდა ვახსენო. ზარმაცი სტუდენტი ვიყავი, მაგრამ ჩემი სჯეროდა, მან გამზარდა. სამწუხაროდ, გარდაიცვალა სამი წლის წინ. საკე (ჩვენი სასმელია, ბრინჯის ღვინო) უყვარდა. თბილი, მაგრამ ძალიან მკაცრი მასწავლებელი და ნამდვილი პროფესიონალი იყო. ასპირანტურაში რომ ვსწავლობდი, სამი თვე საქართველოში ვცხოვრობდი. უნივერსიტეტში შევხვდი ჩემს მასწავლებელს, რომელმაც მითხრა: რა კარგია, ცოცხალი რომ დაბრუნდიო,- მეტი არაფერი… საქართველოში ვახუშტი კოტეტიშვილთან, შურა გვახარიასთან, თენგიზ მირზაშვილთან, ანზორ ერქომაიშვილთან და ბევრ სხვა გამოჩენილ ქართველებთან მქონდა ახლო ურთიერთობა,- მათი მადლობელი ვარ. ბატონმა თამაზ გამყრელიძემ თბილისში სტაჟირების საშუალება მომცა. უზომოდ მიყვარს ძველი თბილისი, საქართველოს მთისა და ბარის ბუნება… თენგიზ მირზაშვილი ჩემი უსაყვარლესი მხატვარია და ვამაყობ იმით, რომ მასთან შეხვედრა მოვასწარი. ასევე ერლომ ახვლედიანის იუმორი და სევდიანი ნათქვამი მიყვარს და მახსოვს.
– ბატონო ჰიროკატე, რითი ფასდება ადამიანი თქვენს თვალში?
– ოჯახის სიყვარულით და საქმიანობის, სამუშაოს მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობით, კიდევ ქვეყნის მიმართ პატივისცემისა და მადლიერების გრძნობით.
თეონა გოგნიაშვილი