ბელარუსმა და ირანმა სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს
ბელარუსი და ირანი შეთანხმდნენ, რომ სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებას გააფორმებენ.
ინფორმაცია ამის შესახებ, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ მინსკში ირანის პრეზიდენტთან, მასუდ ფეზეშქიანთან მოლაპარაკებების შემდეგ გაავრცელა.
ბელარუსის მეთაურმა მოლაპარაკებები შინაარსიანად შეაფასა. მისი თქმით, მხარეებმა კარგ შედეგებს მიაღწიეს, რაც ორმხრივ თანამშრომლობაში პოზიტიურ ცვლილებებს გამოიწვევს.
“ამ ნაბიჯების კარგი შედეგი იქნება, თუ ჩვენ უახლოეს პერიოდში, როგორც შევთანხმდით პრეზიდენტთან, მოვამზადებთ და ხელს მოვაწერთ სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას“, – აღნიშნა ალექსანდრ ლუკაშნეკომ.
მისივე განცხადებით, ბელარუსი ირანს მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორად განიხილავს.
თავის მხრივ, ირანის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კოლეგას ირანის ატომურ ობიექტებზე განხორციელებულ დარტყმებთან დაკავშირებით გამოხატული პოზიციისთვის და თქვა, რომ ირანი მზად არის, ბელარუსთან ითანამშრომლოს.