ავსტრალიაში, 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვის მსოფლიოში პირველ კანონში, YouTube შევა.
როგორც “ბიბისი” წერს, ინიციატივა ნაწილი იქნება მთავრობის ფართომასშტაბიანი მცდელობისა, მოზარდებში ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესება და ინტერნეტზე დამოკიდებულების ზრდა შეაჩეროს.
ინფორმაციას ოფიციალურად ადასტურებს ქვეყნის კომუნიკაციების სამინისტროს წარმომადგენელი, რომელიც აცხადებს, რომ თუ საკანონმდებლო პროცესი დათქმულ ვადებში დასრულდება, ახალი რეგულაციები ძალაში სექტემბერში შევა.
„ჩვენი მიზანია შევზღუდოთ არასრულწლოვანთა წვდომა იმ შინაარსზე, რომელიც საფრთხეს უქმნის მათ მენტალურ ჯანმრთელობას და სოციალურ განვითარება“,- აცხადებს კომუნიკაციების მინისტრი მიშელ როულენდი.
მოქმედი კანონმდებლობის ცვლილებების მიხედვით, ყველა სოციალური ქსელი, მათ შორის TikTok, Instagram, Facebook, Snapchat და YouTube, ვალდებული იქნება, დაიცვას ასაკის ავტორიზაციის მკაცრი სისტემა, რომლის მეშვეობითაც არასრულწლოვნების რეგისტრაცია ან წვდომა შინაარსზე შეუძლებელი გახდება.
YouTube-ი, რომელიც Google-ის საკუთრებაა, ამტკიცებდა, რომ ის ბავშვებისთვის არ უნდა დაიბლოკოს, რადგან პლატფორმა „ავსტრალიის ახალგაზრდა მოქალაქეებს სარგებელსა და ღირებულებას სთავაზობს და ის სოციალური მედია არ არის”.
ამასთან, Google-მა გაავრცელა განცხადება, რომ მოსალოდნელმა რეგულაციებმა, შესაძლოა, განათლებრივ და შემეცნებით მასალებზე თავისუფალ წვდომას საფრთხე შეუქმნას.
როგორც მედია იუწყება, აღნიშნული რეგულაციის თაობაზე საჯარო განხილვები უახლოეს კვირებში გაიმართება, თუმცა მოლოდინია, რომ კანონი პარლამენტში ფართო მხარდაჭერას მიიღებს.