ევრაზიის ფონდმა ნანა კაკაბაძე თაღლითობაში ამხილა

გაზეთი „პრაიმტაიმი“ “ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარის ნანა კაკაბაძის მიერ 2002-2004 წლებში ევრაზიის ფონდიდან მიღებული გრანტის არამიზნობრივი ხარჯვასა და ინვოისების გაყალბების შესახებ სტატიას აქვეყნებს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, 12 წლის წინ ნანა კაკაბაძემ იზოლატორების მონიტორინგისთვის ევრაზიის ფონდიდან სოლიდური გრანტი მიიღო, სამუშაო კი კეთილსინდისიერად არ შეასრულა. ინფორმაციას ამის შესახებ ევრაზიის ფონდის მაშინდელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი ადასტურებს და აცხადებს, რომ კაკაბაძემ ინვოისები გააყალბა, რის გამოც ფონდმა პროექტი შეაჩერა და კაკაბაძის ორგანიზაციასთან თანამშრომლობა შეწყვიტა.
„პროექტში აღმოვაჩინე არამიზნობრივი ხარჯვა, რის გამოც 2004 წლის დასაწყისში მოგვიწია ამ პროექტის შეჩერება. ჩემთვის კაკაბაძის პასუხი მაშინ დამაჯერებელი არ იყო“, – აცხადებს ხუციშვილი გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში. მისვე თქმით, ევრაზიის ფონდს მას შემდეგ ნანა კაკაბაძისთვის გრანტი აღარ მიუცია. ევრაზიის ფონდის ყოფილი დირექტორი კაკაბაძის მიერ თინა ხიდაშელისა და სოზარ სუბარის მოტყუების შესახებაც საუბრობს. ხიდაშელი და სუბარი პროექტში, როგორც მონიტორები, ისე მონაწილეობდნენ.
„ხიდაშელი და სუბარი მითითებული იყვნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ პროექტში საერთოდ არ მონაწილეობდნენ და მათ ამის თაობაზე არც კი იცოდნენ,“- აცხადებს ქეთი ხუციშვილი. ევრაზიის ფონდის მხრიდან გრანტის შეჩერების შესახებ ინფორმაციას თავად კაკაბაძე არ ადასტურებს.
„მსგავსი არაფერი ყოფილა, პროექტი არც ერთხელ არ ყოფილა შეჩერებული, ყველა პროექტი იყო დასრულებული. პროექტების შეჩერება არ არის დამოკიდებული ვიღაცის ნება-სურვილზე“, – აცხადებს ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე.
გაზეთი „პრაიმტაიმი“ სტატიის ბოლოს აქვეყნებს თბილისის ფორუმზე კაკაბაძის თაღლითობის შესახებ გავრცელებულ პოსტს: „რატომ აქვს ერს სკლეროზი, ნეტა?! ეს ქალი ცოტა ხნის წინა ევრაზიის ფონდმა არ ამხილა ფულების მოტეხაში? თინა ხიდაშელსა და სხვა „ენჯეოშნიკებს“ ვითომ ხელფასს რომ უხდიდა და სინამდვილეში თვითნ იდებდა ფულს ჯიბეში…“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები