გურამ მაჭარაშვილი: რადიკალურ ოპოზიციას ქუჩაში, პარლამენტში თუ არჩევნებში მხარდაჭერა აღარ აქვს, უცხოეთშიც მისთვის აღარ სცალიათ და ერთიღა დარჩა – ყური დაადოს მიწას და რევოლუციას დაელოდოს

„რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ფსიქოლოგიურად რთულ სიტუაციაში არიან – ქუჩაში, პარლამენტში თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მხარდაჭერა აღარ აქვთ, უცხოეთში მათთვის აღარ სცალიათ და ერთიღა დარჩათ – ყური დაადონ მიწას და რევოლუციას დაელოდონ”, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის” აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მძიმე ფსიქოლოგიურ-პოლიტიკური მდგომარეობა გამოიწვია მისსავე არჩევანმა, გაეტარებინა არა საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის, არამედ, უცხოეთის ინტერესები.

„ოპოზიციის მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა გასაგები და ლოგიკურია, რადგან, როცა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წახვალ, ბუნებრივია, რომ იმ მოცემულობას მიიღებ, რაშიც დღეს არიან. რეალობის აღქმის უნარი უნდა გქონდეს და იცოდე – ვინ გიჭერს მხარს, რაში და ა.შ. ასევე, არ უნდა იყო უცხოეთის ინტერესების გამტარებელი შენს ქვეყანაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერ ვარიანტში წააგებ, როგორც შეიძლება არ მოსწონდეს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ხელისუფლება. უმრავლესობა მხარს არ დაგიჭერს, თუ მიხვდა, რომ სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებ საქართველოში”, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები