თბილისის მერმა კახა კალაძემ, გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა შეაჯამა. ღონისძიება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ესწრებოდა, ზღვის უბნის პარკში გაიმართა.
დედაქალაქის მერმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება, პირველ რიგში, სწორედ ზღვის უბნის პარკზე გაამახვილა, რომელიც რეაბილიტაციამდე უმძიმეს მდგომარეობაში იყო.
„ზღვის უბნის პარკში წლების წინ იყო ჩვეულებრივი ჭაობი და უმძიმესი მდგომარეობა, გაუსაძლისი პირობები. როდესაც ადგილზე მოვედით, შევხვდით აქ მცხოვრებლებს, მივეცით პირობა, რომ ეს სივრცე იქნებოდა მთლიანად მოწესრიგებული, რეაბილიტირებული და აქ გავაშენებდით დედაქალაქში ყველაზე დიდ, საქალაქო მნიშვნელობის პარკს. ზღის უბნის პარკი ყველაზე დიდი დასასვენებელი სივრცეა, რომელიც მოიცავს 25 ჰექტარს. გულს უხარია, როდესაც აქ ადამიანი მოდის – ყველანაირი პირობებია შექმნილი იმისთვის, რომ მოქალაქეებმა დაისვენონ და განიტვირთონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე წელს შეიცვალა ის მავნე პრაქტიკა, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში იყო დამკვიდრებული.
„ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რაც გავაკეთეთ 2017 წელს, აბსოლუტურად შევცვალეთ ის მავნე პრაქტიკა, რაც იყო დამკვიდრებული – ხდებოდა რეკრეაციული სივრცეების გასხვისება, რათა შემდეგ იქ სამშენებლო სამუშაოები განხორციელებულიყო. ცხადია, ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი მშენებლობის, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს რეკრეაციული სივრცეების, სპორტული მოედნების ხარჯზე. მოგვიწია კონკრეტული სივრცეების გამოსყიდვა და მუნიციპალიტეტისთვის დაბრუნება. რა თქმა უნდა, ამ დამოკიდებულებას გავაგრძელებთ, რომ რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე შეიქმნას. ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩვენი განხორციელებული პროექტებით, ქალაქში შევქმენით არაერთი მიზიდულობის ცენტრი. ყველა თაობის ადამიანი სარგებლობს სკვერებით და პარკებით. ძალიან სასიამოვნოა, რომ ეს კულტურა შემოვიტანეთ და თბილისის პარკები სავსეა მოსახლეობით“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძემ კონკრეტულ განხორციელებულ პროექტებზე საუბრისას მადლობა გადაუხადა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“, რომლის მხარდაჭერითაც მთაწმინდის ფერდის განახლება ხდება.
„თვალშისაცემია გარემოს დაცვის პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული პროექტები. ყველა ხედავს, თუ როგორ იცვლება ჩვენი ქალაქი უკეთესობისკენ. რა თქმა უნდა, ამაზე არ გავჩერდებით, გვაქვს ამბიციური გეგმები და ცოდნა, რათა ჩვენი ქალაქი იყოს უფრო უკეთესი. მინდა, მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, რადგან სწორედ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება – მიმდინარეობს მთაწმინდის ფერდის გამწვანების სამუშაოები, რომელიც თბილისის ე.წ. ფილტვებია და უმძიმეს მდგომარეობაშია. მთლიანად ხდება აღნიშნული ფერდის განახლება, რომელიც 400 ჰექტარს მოიცავს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერიის გარემოს დაცვის პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შეჯამებას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, მთავრობისა და საკრებულოს წევრები, მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, ასევე, დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.