„რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა აუცილებლად უნდა შედგეს“
„რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა აუცილებლად უნდა შედგეს“, – ამ სათაურით გაზეთი „ასავალ-დასავალი“ ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს. როგორც შევარდნაძე „ასავალ დასავალთან“ აცხადებს, რუსეთ – საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„უმნიშვნელოვანესია, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრის შესახებ ინფორმაცია პირველად პუტინმა გააჟღერა, ანუ ინიციატივა მისგან მოდის და, ვფიქრობ, რომ პუტინის ეს განცხადება არ იყო განცხადება განცხადებისთვის. რუსეთის პირველმა პირმა, რომელმაც საქართველოს პირველ პირთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა, ძალიან კარგად იცის, რომ საქართველო თავის ტერიტორიებზე უარს არასოდროს არ იტყვის“, – აცხადებს ედუარდ შევარდნაძე.
ექსპრეზიდენტს მიაჩნია, რომ რუსეთმა და საქართველომ წარსული უნდა დაივიწყოს და ორ ქვეყანას შორის დიალოგი უნდა გაიმართოს.
„ბევრი რამ, მართლაც, შეიძლება დავივიწყოთ, მაგრამ ერთი რამ ძალიან კარგად ვიცით ჩვენც და კარგად იცის პუტინმაც – საქართველო საკუთარ ტერიტორიებს არასოდეს დაივიწყებს. საქმე იმაშია, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, ახლა პუტინის დამოკიდებულება და საუბრის ტონი რადიკალურად შეცვლილია. აი, ეს მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს“, – აღნიშნავს ექსპრეზიდენტი.