სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი” მწვანე კლიმატის ფონდის (GCF) აკრედიტებული პარტნიორი გახდა
„საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა” წარმატებით გაიარა (Green Climate Fund – GCF) აკრედიტაციის ოფიციალური პროცესი და მიენიჭა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) ფინანსური მექანიზმის აკრედიტებული ორგანიზაციის სტატუსი“, – ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნული აკრედიტაცია უფლებას აძლევს ფონდს, განახორციელოს მცირე მოცულობის პროექტები, 10-დან 50 მილიონ აშშ დოლარამდე, რაც გულისხმობს, როგორც პროექტების დაგეგმვასა და მართვას, ასევე ფინანსური რესურსების მობილიზებას მწვანე კლიმატის ფონდის მეშვეობით.
„აღნიშნული მიღწევა ადასტურებს, რომ სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს” გააჩნია სათანადო ინსტიტუციური სტრუქტურა, გამართული მმართველობითი მექანიზმები და მაღალი სტანდარტის შესაბამისი გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის პრაქტიკა, რაც სრულ შესაბამისობაშია მწვანე კლიმატის ფონდის მიერ დაწესებულ საერთაშორისო კრიტერიუმებთან“, – განმარტავენ ფონდში.