„გეგუთში განვითარებული მოვლენები დადგმული აფერა იყო“

სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს. მისი თქმით, გეგუთში განვითარებული მოვლენები დადგმული აფერა იყო. სოზარ სუბარის თქმით, დაგეგმილი პროტესტის ინიციატორი პატიმრები გეგუთიდან სხვა დაწესებულებებში გადაიყვანეს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, გეგუთში პატიმარი ნამდვილად იყო ნაცემი, თუმცა ამაზე რეაგირება სამინისტროს გენინსპექციამ მოახდინა და დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემდეგ მოკვლევის მასალები პროკურატურას გადასცა. სუბარის განცხადებით, ტყუილია, თითქოს პატიმარი ციხის დირექტორმა კახა ბებიამ სცემა.
“ეს ტყუილია, ვიცით, ვინც სცემა, გვარ-სახელიც შემიძლია დავასახელო, მაგრამ რადგან ეს ჯერ გამოძიების სამუშაო ვერსიაა, სჯობს დაველოდოთ”, – განაცხადა სუბარმა და აღნიშნა, რომ დაწესებულებაში კონტროლის გამკაცრება იგეგმება.
“ზოგი პრივილეგირებული პატიმრის კარი ღამით არ იკეტებოდა, ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში მოექცა და ამიტომაც დაიწყო უკმაყოფილება”, – აღნიშნა სუბარმა. “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში მინისტრი გეგუთის კოლონიის დირექტორის, კახა ბებიას შესახებაც საუბრობს. სუბარის თქმით, ბებია დირექტორად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის, დიმა დარბაისელის ნდობის საფუძველზე დაინიშნა.
“აქამდე არ ვიცნობდი, მაგრამ როგორც ძალიან აქტიურმა ადამიანმა გამოიჩინა თავი, მაგრამ ისევ ვიმეორებ, თუ რომელიმე თანამშრომელი დანაშაულს ჩაიდენს, ჩემზე დიდი მტერი არ ეყოლება, ხოლო თუ მათ წარსულზეა ლაპარაკი, წარმოადგინონ ფაქტები და ვიმსჯელებთ”, – განაცხადა სუბარმა. მისი თქმით, გეგუთში განვითარებულ მოვლენებში დიდი წვლილი დაწესებულების თანამშრომლებს მიუძღვით.
“მათაც არ მოსწონთ ახალი წესები, სწორედ მათ ნაწილს შეჰქონდა ციხეში ფსიქოტროპული წამლები, ნარკოტიკი, ტელეფონი”, – განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები