ირაკლი ღარიბაშვილი: “ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ” შეთანხმება შემაშფოთებელია

“ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ” შეთანხმება, რა თქმა უნდა, ჩემთვის შემაშფოთებელია, ვინაიდან მე პირადად ძალიან მაღელვებს ჩვენი ძმების – აფხაზების, როგორც ამაყი ერის ბედი, რომლის თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის მე ყველაფერს გავაკეთებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა ელოდებოდა რუსეთის ხელისუფლების ოფიციალურ პოზიციას, რომელიც დღეს აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე გახდა ცნობილი.
“არ მინდა დავიჯერო, რომ აფხაზეთის მოსახლეობა და აფხაზი ერი სწორედ ამისკენ მიისწრაფვის. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ მიერ წარმოებულ 25-წლიან ბრძოლას თვითგამორკვევისთვის, აღიარებისა და ე.წ დამოუკიდებლობის მიღწევისთვის. ჩემი ინფორმაციით, აფხაზეთში არაერთგვაროვანი პოზიცია დაფიქსირდა, საკმაოდ კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ ამ ტექსტის მისამართით. მე მქონდა სატელეფონო საუბარი ზურაბ აბაშიძესთან და რუსულმა მხარემ პრაქტიკულად დაადასტურა, რომ ეს ხელშეკრულება არის განხილვის სტადიაში, თუმცა, რა ვადებში იქნება და დარჩება თუ არა ტექსტი ამ ფორმით, ამის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი. მე ძალიან მაინტერესებს რუსეთის ხელისუფლების საბოლოო პოზიცია. ასევე, არ მინდა დავიჯერო, რომ რუსეთის ხელისუფლება აპირებს, ჩვენს კონსტრუქციულ და პრაგმატულ პოლიტიკას უპასუხოს ასეთი ნაბიჯით. ეს წესით არ უნდა შედიოდეს არავის ინტერესებში”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ყველა კონსტრუქციული ნაბიჯი სიტუაციის დეესკალაციისა და რუსეთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის.
“ჩვენ დავიწყეთ პირდაპირი დიალოგი, რაც იყო საერთაშორისო თანამეგობრობის პირდაპირი რეკომენდაცია. ჯერ კიდევ ორი წლის წინ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებული პრაგმატული პოლიტიკა ჩვენ წარმატებით გავაგრძელეთ და ამის შედეგია რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ნორმალიზება, რის შედეგადაც გაიზარდა ექსპორტი რუსეთში. ჩვენ დღემდე არ დაგვიკლია მცდელობა, რათა წარმოგვეჩინა, რომ ვართ მაქსიმალურად პრაგმატული, კონსტრუქციული და სტაბილური მთავრობა. ჩვენს ამ მცდელობებს პოლიტიკურ სიტუაციაზე განსაკუთრებული გავლენა არ მოუხდენია, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გარდა”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები