გიორგი ვოლსკი რობინ დანიგანზე: როგორც წესი, ელჩები დროზე ადრე პენსიაზე არ გადიან
,,ქართული ოცნების” წევრი გიორგი ვოლსკი საქართველოში, აშშ-ს ელჩის, რობინ დანიგანის მიერ თანამდებობიდან წასვლის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
„ამ წასვლას წინ უძღოდა გარკვეული დიპლომატიური ეთიკის დარღვევა, არა მხოლოდ მასპინძელი ქვეყნის მიმართ, არამედ ხელისუფლების მიმართაც, რომელიც მოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების მართვის სათავეში. არ შეიძლება, დაუშვებელია, რომ ელჩი არ აქვეყნებდეს იმ განცხადებას, წერილს, მიმართვას და სპეკულაციებისთვის ქმნიდეს წინაპირობას. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ სულ მცირე, იგი თვითონ არ ეთანხმება იმ პოლიტიკას, იმ მიმართულებებს, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია ახორციელებს. მისი გადადგომაც, რასაკვირველია, უკავშირდება ამ თემას, ვინაიდან დროზე ადრე პენსიაზე ელჩები, როგორც წესი, არ გადიან, თუმცა კორექტული იყო მისი განცხადება თავისი ქვეყნის მიმართ. თუმცა ფაქტია, ის წინააღმდეგობაც, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს, იმ პოლიტიკის მიმართ, რომელსაც ახალი ადმინისტრაცია ატარებს, რეალურად, აისახა ელჩის თანამდებობიდან წასვლაზეც. ყოველ შემთხვევაში სხვა ანალიზი და საფუძველი ამ გადადგომას არ გააჩნია,“ – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც დანიგანი აღნიშნავს, მისი გაწვევა მის მთავრობას არ მოუთხოვია.