ლევან მახაშვილი: საქართველო ტერორისტული საფრთხეებით მოწყვლად რეგიონებს შორის მდებარეობს – თუმცა, ამის მიუხედავად, ქვეყანა ახერხებს ტერორისტული ინციდენტების თავიდან არიდებას

,,საქართველო ტერორისტული საფრთხეებით მოწყვლად რეგიონებს შორის მდებარეობს. თუმცა, ამის მიუხედავად, ქვეყანა ახერხებს ტერორისტული ინციდენტების თავიდან არიდებას”,- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის და იტალიის პარლამენტის ერთობლივ კონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 2025 წლის გლობალური ტერორიზმის ინდექსის მიხედვით, საქართველო შეფასდა, როგორც ქვეყანა, რომელსაც ტერორიზმის გავლენის ნულოვანი მაჩვენებელი აქვს.

„საქართველო ტერორისტული საფრთხეებით მოწყვლად რეგიონებს შორის მდებარეობს. თუმცა, ამის მიუხედავად, ქვეყანა ახერხებს ტერორისტული ინციდენტების თავიდან არიდებას. 2025 წლის გლობალური ტერორიზმის ინდექსის მიხედვით, საქართველო შეფასდა, როგორც ქვეყანა, რომელსაც ტერორიზმის გავლენის ნულოვანი მაჩვენებელი აქვს. ასევე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2024 წლის ანგარიშში საქართველო კვლავ დასახელებულია, როგორც სანდო და სტაბილური პარტნიორი გლობალურ ანტიტერორისტულ ძალისხმევაში.

საქართველოში ტერორიზმის წინააღმდეგ წარმატებულ ბრძოლას აქვს სამი ძირითადი მიზეზი: პირველი, ყოვლისმომცველი და რელევანტური სამართლებრივი და პოლიტიკის ჩარჩო. მეორე, ეფექტიანად მოქმედი და მაღალკვალიფიციური უსაფრთხოების ინსტიტუტები, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. და მესამე, სოციალური ინტეგრაცია და არასადამსჯელო ინსტრუმენტები, მათ შორის, ეკონომიკის გაძლიერება, საგანმანათლებლო და სათემო პროგრამები.

თუმცა, ტერორიზმი არ არის სტატიკური მოვლენა. ის მუდმივად იცვლება და ერგება ახალ განვითარებებს. ტერორიზმს არ გააჩნია საზღვრები, ეროვნება, ენა, რელიგია, მაგრამ ის ყოველთვის ფესვებს იკიდებს მაშინ, როდესაც ვადუნებთ ყურადღებას და ვკარგავთ ერთიანობას.

შესაბამისად, საერთაშორისო თანამშრომლობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. საქართველო მზადაა გააგრძელოს და კიდევ უფრო გააღრმაოს მჭიდრო თანამშრომლობა ყველა პარტნიორ სახელმწიფოსთან, გაგიზიაროთ ჩვენი წარმატებული და ნაკლებად წარმატებული მაგალითები, მოვისმინოთ თქვენი გამოცდილებებიც, რათა ერთობლივად შევქმნათ უსაფრთხო გარემო, სადაც არ იქნება ადგილი ტერორიზმისთვის, ექსტრემიზმისა და რადიკალური იდეოლოგებისთვის”, განაცხადა ლევან მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები