პარლამენტში 2015 წლის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტის განხილვა დასრულდა

საქართველოს პარლამენტის მიერ 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის პირველადი ვარიანტის განხილვა დასრულდა . მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს გააცნო.
დღესვე, აღნიშნულ საკითხზე გაიმართა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნითი, შემაჯამებელი სხდომა.
2015 წლის ბიუჯეტის პროექტში შენარჩუნებულია სოციალურ და ეკონომიკის წამახალისებელ პროგრამებზე ორიენტაცია, რაც შესაბამისი სამინისტროების ასიგნებებში არის ასახული:

• შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 92,0 მლნ ლარით და შეადგენს 2 750,0 მლნ ლარს (ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 29,4%). აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია:

სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისათვის – 2 010,0 მლნ ლარი;
ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისთვის – 652,6 მლნ ლარი;
სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვისათვის – 35,0 მლნ ლარი;
2015-2016 წლებში დაგეგმილი რეფორმების ფარგლებში განხორციელდება არსებული სოციალური გასაცემლების დახვეწა, მიზნობრივ ჯგუფებზე მეტი შედეგების მისაღწევად. გაგრძელდება საპენსიო და სხვა სოციალური გასაცემლების მოცულობების ეტაპობრივი ზრდა.

• რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილია 955,0 მლნ ლარი (გაზრდილია 80,0 მლნ ლარით), რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია:

საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის – 588,3 მლნ ლარი;
რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის – 216,9 მლნ ლარი;
წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია – 140,6 მლნ ლარი;

• განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 828,9 მლნ ლარი (გაზრდილია 74,6 მლნ ლარით), მათ შორის:

ზოგადი განათლების დასაფინანსებლად – 479,8 მლნ ლარი;
პროფესიული განათლების დასაფინანსებლად – 36,0 მლნ ლარი;
უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამების დასაფინანსებლად – 155,0 მლნ ლარი;
საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის – 110,0 მლნ ლარზე მეტი;
ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილი რეფორმების ფარგლებში 2015-2016 წლებში ეტაპობრივად განხორციელდება საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასების ზრდა;

• სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამოყოფილია 291,0 მლნ ლარი, რაც მიმდინარე წლის გეგმაზე 27,5 მლნ ლარით მეტია. გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია:

სამელიორაციო და საირიგაციო სისტემების განვითარებისათვის – 100,0 მლნ ლარამდე;
შეღავათიანი აგროკრედიტებისათვის – 36,0 მლნ ლარი;
მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობისათვის – 50,0 მლნ ლარი;

• თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 625,0 მლნ ლარი (სსიპ – სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ – დელტას და მისი კონტროლს ქვეშ მყოფი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების დაფინანსება გადატანილია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, ხოლო ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი წარმოდგენილია დამოუკიდებელ მხარჯავ დაწესებულებად);

• შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 600,0 მლნ ლარი;
• სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 155,0 მლნ ლარი;
• ენერგეტიკის სამინისტროსათვის გამოყოფილია 135,0 მლნ ლარი (მშ. გაზიფიცირება 20,0 მლნ ლარი);
• ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გამოყოფილია 120,0 მლნ ლარი, (მშ. პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 20,0 მლნ ლარი);
• საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 100,0 მლნ ლარი;
•  კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 85,0 მლნ ლარი;
•   იუსტიციის სამინისტროსთვის გამოყოფილია 65,0 მლნ ლარი;
• ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და განსახლების სამინისტროსთვის გამოყოფილია 60,0 მლნ ლარი;
• სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილია 55,0 მლნ ლარი, რაც 2014 წლის ბიუჯეტის მოცულობის ანალოგიურია.
• გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 35,0 მლნ ლარი;
•  სხვა მხარჯავი დაწესებულებების დაფინანსების მოცულობები, უმეტეს შემთხვევაში, შენარჩუნებულია მიმდინარე წლის დონეზე;
•  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამისათვის ჯამში გათვალისწინებულია 300,0 მლნ ლარი;
• მიმდინარე წელთან შედარებით, გაზრდილია მთავრობის სარეზერვო ფონდი და შეადგენს 70,0 მლნ ლარს.

 ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემი ტრანსფერის მოცულობა გაზრდილია 54,1 მლნ ლარით და შეადგენს 850,0 მლნ ლარს. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე კიდევ მიმდინარეობს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად შექმნილი ახალი მუნიციპალიტეტების სტატისტიკური მონაცემების დაზუსტება, რის შემდგომაც, გათანაბრებითი ტრანსფერების მოცულობები, შესაძლებელია, დაკორექტირდეს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, პარლამენტში გამოთქმული შენიშვნების ნაწილი აუცილებლად იქნება გათვალისწინებული და არსებული მაკროეკონომიკური პარამეტრების ფარგლებში მაქსიმალურად დაფინანსდება ის პროგრამები, რომლებიც მიმართული იქნება მოსახლეობის სოციალური კეთილდღეობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფისაკენ.
მისი თქმით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს როგორც ჯანდაცვის, ისე განათლებისა და თავდაცვის სამინისტროებთან და 2015-2016 წლებში აუცილებლად გაიზრდება პენსია ყველა კატეგორიის პენსიონერისათვის, ამასთან, გაიზრდება მასწავლებლების ხელფასები.
„2015 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტში დეტალურად იქნება ასახული თუ რა მოცულობით მოხდება პენსიისა და მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ზრდა“, – აღნიშნა ნოდარ ხადურმა.
ქვეყნის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი მთავრობას პარლამენტის შენიშვნებითა და წინადადებებით უკან დაუბრუნდება. საბიუჯეტო პროექტის გადამუშავებული ვარიანტი პარლამენტში ხელმეორედ 5 ნოემბერს შევა. საბოლოოდ, საქართველოს 2015 წლის ბიუჯეტის დოკუმენტს პლენარულ სხდომაზე დეკემბერში დაამტკიცებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები