რატი იონათამიშვილი: ვინც დგას „ნაცების“ მხარეს, ის საქართველოს მტრობს
როდესაც მსგავს დოკუმენტებში მიხეილ სააკაშვილს ახსენებენ, ეს ამ ადამიანების უბედურებაა, რადგან ჩვენმა საზოგადოებამ შეაფასა „ნაციონალური მოძრაობა“, შეაფასა მიხეილ სააკაშვილი და ის არის დღევანდელობის ყველაზე მასშტაბური დამნაშავე, რომელსაც სახელმწიფოს წინაშე აქვს ჩადენილი დანაშაულები, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა, ევროპარლამენტში განხილულ დოკუმენტზე საუბრისას ,,იმედის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც ევროპარლამენტარები საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებებს იღებენ და თანაც ამ განცხადებებში ისევ მიხეილ სააკაშვილის გულშემატკივრებად რჩებიან, ეს ზუსტად გვიჩვენებს, რა არის მათი რეალური მიზნები და რა სურს მათ საქართველოსგან.
„ანუ, ისინი ისევ კრიმინალური რეჟიმის მხარეს დგანან, რასაც წარმოადგენდა „ნაციონალური მოძრაობა“. ვინც დგას „ნაცების“ მხარეს, ის საქართველოს მტრობს. ეს არის ის, რაც მტკიცედ და ერთსულოვნად არის ჩვენს საზოგადოებაში, სინამდვილეში. აქედან გამომდინარე, ჩალის ფასი აქვს მსგავს რეზოლუციებს, დოკუმენტებს, განცხადებებს და ჩვენ ვნახეთ არაერთი ასეთი განცხადება, რომელიც ევროპარლამენტში მიიღეს და შემდეგ ისიც ვნახეთ, რა ბედი ეწია ასეთ განცხადებებს. მაგრამ, რა თქმა უნდა, კოლექტიური იუკნევიჩიენები ამას ვერ გაიზიარებენ, ვინაიდან კოლექტიური იუკნევიჩიენები დღეს წარმოადგენენ, ფაქტობრივად, საბჭოთა კავშირის დროინდელი, ყველაზე ბნელი და ოდიოზური პერსონაჟების რეინკარნაციას და ასეთი პირების განცხადებებს ჩვენს საზოგადოებაში, რა თქმა უნდა, სერიოზულად ვერავინ აღიქვამს. აქ კიდევ ერთხელ ჩანს, თუ სადამდე დავიდნენ ეს ადამიანები და ასევე ჩანს, რომ სრულიად გაბანკროტებულია ოპოზიციური ველი საქართველოში. მათ ეს დაიმსახურეს, ვინაიდან ისინი ქართველი ხალხის სამსახურში კი არ, კოლექტიური იუკნევიჩიენების სამსახურში დგანან“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიშის შესახებ რელიზი გაავრცელა, სადაც 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც არის საუბარი.