ზურაბ აბაშიძე ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის რეზოლუციას წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ევროსაბჭოს თვითმმართველობის ორგანომ არჩევნები გამჭვირვალედ და წარმატებულად შეაფასა და ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ქვეყნის განვითარებისთვის.
„ვფიქრობ, ზოგადად ტენდენცია ქვეყანაში დემოკრატიული ზრდის, ცვლილებების შეუქცევადია და ამავდროულად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ შემდგომი მომავალი არჩევნები, იქნება ეს საპარლამენტო, საპრეზიდენტო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის, კიდევ უფრო მაღალ სიმაღლეებს მიაღწევს. ეს ჩვენი ქვეყნის, ხალხის და ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა”, – განაცხადა აბაშიძემ.
რაც შეეხება რეკომენდაციებს, დეპუტატის თქმით, პარლამენტი საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობას კიდევ აპირებს და ყველა რეკომენდაციას ექსპერტების მონაწილეობით განიხილავენ.
“როდესაც მივიღეთ თვითმმართველობის კოდექსი და ამას შემდეგ საარჩევნო კოდექსიც მივაბით, ჩვენ არ გვითქვამს, რომ ეს იდეალურია და ამით რეფორმა დასრულდა. რაც მთავარია და ამას ჩვენი პარტნიორებიც აღნიშნავენ, ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ. ახლა არის უამრავი დეტალი, მნიშვნელოვანი თემა, რომელიც დაკავშირებულია არჩევნებთან და კეთილგანწყობილი მეგობრებისგან ნებისმიერ რეკომენდაციას, ნებისმიერ რჩევას ყოველთვის გავიზიარებთ და ქვეყნის შიგნით ამაზე სერიოზულად ვიმსჯელებთ. გადაწყვეტილებას კი საკანონმდებლო ორგანო მიიღებს. რეფორმა უნდა გაგრძელდეს და ჩვენ ამისთვის მზად ვართ, ღია ვართ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან ერთად ვიმსჯელოთ, ექსპერტების მონაწილეობით განვიხილოთ და ისეთი მოდელები მივიღოთ, რომელიც ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას წაადგება”, – განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები