ზურაბ აბაშიძე პრაღაში გრიგორი კარასინს ხვდება

პრაღაში, სასტუმრო „დიპლომატში“ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს ხვდება.
ზურაბ აბაშიძის განცხადებით, შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა, ერთობლივი არმიის შექმნაზე რუსულ-აფხაზური ე.წ. ხელშეკრულების პროექტი იქნება.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ეკონომიკური-ჰუმანიტარული და სავაჭრო ურთიერთობების საკითხი განიხილება. მხარეები ასევე, იმ ქართველებზეც ისაუბრებენ, რომლებიც ჯაშუშობის ბრალდებით არიან დაკავებული.
„თუ ეს ხელშეკრულება გაფორმდება, ეს იქნება აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი, რასაც, რა თქმა უნდა, შესაბამისი სამართლებრივი ნაბიჯები მოყვება. გამოვთქვამთ იმედს, რომ რუსეთი ამ გზით არ წავა, რადგან ეს სერიოზულად დააზიანებს იმ დიალოგს, რომელიც ჩვენ ორი წლის წინ დავიწყეთ“, – განაცხადა აბაშიძემ.
სავარაუდოდ, დღევანდელ კონსულტაციებზე იქნება დამოკიდებული, გაგრძელდება თუ არა აბაშიძე-კარასინის არაოფიციალური მოლაპარაკების ფორმატი.
აბაშიძე-კარასინის არაოფიციალური დიალოგის ფორმატის შეხვედრები 2012 წლის დეკემბერში დაიწყო, დღეს კი, რიგით მერვე შეხვედრა იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები