ჰაკან ფიდანი – შესაძლებელია, სტამბოლში ჩატარებული მოლაპარაკებები ტრამპის, პუტინისა და ზელენსკის შეხვედრით დაგვირგვინდეს, რომელსაც ერდოღანი უმასპინძლებს
ჩვენ ან თვალს დავხუჭავთ ამ ომის გაგრძელებაზე, ან ამ წლის განმავლობაში მივაღწევთ მუდმივ მშვიდობას. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ მოლაპარაკებებს შეუძლია კონკრეტული შედეგების მოტანა,- თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა ეს განცხადება უკრაინის დედაქალაქ კიევში, საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
“როგორც მოლაპარაკებების დასაწყისში მივუთითე, ჩვენს წინაშე ორი გზაა. ან თვალს დავხუჭავთ ამ ომის გაგრძელებაზე, ან ამ წლის განმავლობაში მუდმივ მშვიდობას მივაღწევთ. თურქეთის პერსპექტივიდან, ერთადერთი გზა დიალოგის გზით სამართლიანი და მუდმივი მშვიდობის მიღწევა და ომის დაუყოვნებლივ დასრულებაა.
სტამბოლში მიღწეული ტყვეთა გაცვლის შეთანხმების სწრაფმა დასრულებამ დაამტკიცა, რომ მოლაპარაკებებს შეუძლია კონკრეტული შედეგების მოტანა. ჩვენ გვსურს, რომ სტამბოლში მიღწეული იმპულსი გაგრძელდეს“,- განაცხადა ფიდანმა.
ფიდანმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპისთვის კარგი იქნებოდა ლიდერების შეხვედრის ჩატარება და გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელება.
“ჩვენი შეფასებით, შესაძლებელია, რომ სტამბოლში გამართული პირველი და მეორე მოლაპარაკებები რეალურად დაგვირგვინდეს ოთხი ლიდერის – ტრამპის, პუტინის და ზელენსკის შეხვედრით, რომელსაც ერდოღანი უმასპინძლებს”,- აღნიშნა მინისტრმა.