ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში თბილისი მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს
2025 წელს, ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით, თბილისში მასშტაბური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს ეროვნული ბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, კონფერენციაზე, სახელწოდებით „ნდობიდან მჭიდრო თანამშრომლობამდე“ მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის 300-ზე მეტი სტუმარი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის, ბელგიის, ისლანდიის, რუმინეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, მონტენეგროს, აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთის, ისრაელის, ინდოეთის, საუდის არაბეთისა და სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი პირები, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები.
“მოწვეულ სტუმრებს შორის ასევე არიან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების – შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ასევე მსხვილი საერთაშორისო კომპანიების – Gojo & Company, Ant International-ის, The Global Finance & Technology Network-ის, ასევე საქართველოს საფინანსო სექტორისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები.
კონფერენციაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ სორბონის უნივერსიტეტისა და კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორები, ბრეტონ ვუდსის ახალი კომიტეტისა და სხვა ცნობილი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ასევე ფინანსური სექტორის მაღალი რანგის ექსპერტები.
კონფერენციას გახსნის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა. მონაწილეებს სიტყვით მიმართავს კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეფრი საქსი.
პანელური დისკუსიების ფარგლებში მონაწილეები იმსჯელებენ ისეთ თემებზე, როგორებიცაა გლობალური ფინანსური სისტემა და მონეტარული პოლიტიკა, რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივები ფინანსური სექტორის განსავითარებლად, ახალი გამოწვევები და ცენტრალური ბანკების როლი რეგიონული თანამშრომლობის განვითარებასა და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ლარის საიუბილეო წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი სხვადასხვა აქტივობებს გამართავს. დაგეგმილია ლარი 30-ის საკოლექციო ოქროს, ვერცხლისა და სპილენძ-ნიკელის მონეტების პრეზენტაცია და რეალიზაცია, საკოლექციო დანიშნულების ბანკნოტისა და მარკის გამოშვება. გარდა ამისა, გამოიცემა სებ-ის განახლებული სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი, ქართული ფულისა და ლარის კატალოგები. მთელი წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ასევე ჩატარდება სხვადასხვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო აქტივობები.
ლარი ქვეყნის ეროვნულ ვალუტად 1995 წლის 25 სექტემბრიდან შემოიღეს, ხოლო ამავე წლის 2 ოქტომბრიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა. სიტყვა „ლარი“ ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს განძს, ქონებას, ხოლო, „თეთრი“ XIII საუკუნიდან დამკვიდრებული ქართული სამონეტო ტერმინია,”- წერია ინფორმაციაში.