საქართველოს პარლამენტის დელეგაცია პორტუგალიის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრა გამართა პორტუგალიის საპარლამენტო დელეგაციასთან.
პორტუგალიის დელეგაციამ გამოხატა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის მხარდაჭერა.
პორტუგალიის წარმომადგენლების ინტერესის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებმა მიმოიხილეს საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია, გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე არსებული საფრთხეები და შესაძლებლობები.
მხარეებმა გამოხატეს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში შემდგომი თანამშრომლობის მზადყოფნა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრები: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.