საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე, ესპანეთის ქალაქ გრანადაში, ევროპის საბჭოს ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე, ესპანეთის ქალაქ გრანადაში, ევროპის საბჭოს ღონისძიებას დაესწრო.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიება ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს – ევროდიპლომის 60 წლის იუბილეს მიეძღვნა და მასში მონაწილეობა ევროპის სხვადასხვა ქვეყნის დაცული ტერიტორიების სფეროს მმართველი სტრუქტურების წარმომადგენლებმა მიიღეს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს საერთაშორისო პლატფორმას, სადაც გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ თანამედროვე გამოწვევებსა და შესაძლებლობებს განიხილავენ.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლიდან ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები წარმოადგენს საქართველოში ევროპული დიპლომის მქონე ერთადერთ ტერიტორიას, რაც მის გამორჩეულ ეკოლოგიურ მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

„საქართველოს მონაწილეობა მსგავსი მასშტაბის ღონისძიებაში ხელს შეუწყობს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას და ახალ პროექტებში ქვეყნის ჩართულობას. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დისკუსიები ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია, წყლის რესურსების მართვა, ეკოტურიზმის განვითარება, ჰაბიტატებისა და სახეობების აღდგენა, ასევე ადგილობრივი თემების ჩართულობა დაცული ტერიტორიების მართვის პროცესში“, – აღნიშნა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ კუსიდმა.

ევროპული დიპლომი ევროპის საბჭოს უმაღლესი აღიარებაა, რომელიც ენიჭება განსაკუთრებული ეკოლოგიური და ლანდშაფტური ღირებულების მქონე ტერიტორიებს. ჯილდო მიზნად ისახავს ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვას, მდგრადი მართვის ხელშეწყობასა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებას.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები