ექსპერტი პრეზიდენტის ინიციატივას, უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევაზე საფუძვლიანს უწოდებს

 

  ექსპერტ ნიკა ჩიტაძის შეფასებით, რუსეთსა და დე ფაქტო აფხაზეთს შორის “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ” შეთანხმება რუსეთის მხრიდან ანექსიის პოლიტიკის გაგრძელებაა.
როგორც ჩიტაძემ “კვირასთან“ თემის კომენტირებისას აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება, რომ ეს ხელშეკრულება უშუალოდ ემუქრება საქართველოს უშიშროებას, თავდაცვისუნარიანობას და სტაბილურობას, სრულიად საფუძვლიანია. ექსპერტი ფიქრობს, რომ აღნიშნულ საკითხზე აუცილებელია გაიმართოს უშიშროების საბჭოს სხდომა, სადაც ყველა შესაძლო საფრთხე იქნება განხილული.
ამასთნ, ჩიტაძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოებას სათანადოდ ეცნობოს რუსეთის ჩანაფიქრის შესახებ, რათა აღმოსავლეთ უკრაინის პრობლემების გვერდით ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის პრობლემატიკა იქნას განხილული.
“აუცილებლად უნდა იქნას მოწვეული უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელსაც სხვა პირებთან ერთად აუცილებლად უნდა დაესწროს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. საბჭოს სხდომაზე განხილული უნდა იყოს ყველა ის საფრთხე , რომელიც ამ შემთხვევაში რუსეთიდან მომდინარეობს და აფხაზეთის ანექსიის მცდელობას ისახავს მიზნად. საერთაშორისო საზოგადოებას მკაფიოდ უნდა ეცნობოს რუსეთის განზრახვის შესახებ რადგან დღეს მსოფლიოს დემოკრატიულო საზოგადოება ფოკუსირებულია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე. აღმოსავლეთ უკრაინის პრობლემების პარალელურად უნდა განიხილებოდეს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების საკითხები“-განუცხადა “კვირას“ ნიკა ჩიტაძე.
ექსპერტის აზრით, რუსეთის მიერ დე ფაქტო აფხაზეთთან “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ” შეთანხმების შემუშავება დე ფაქტო აფხაზეთში სამხედრო კონტიგენტის გაზრდას ისახავს მიზნად. ჩიტაძის თქმით, რუსეთი აღნიშნული ხელშეკრულებით შეეცდება ოკუპირებულ აფხაზეთში საკუთარი ჯარის შეყვანა გაამართლოს. “საერთაშორისო საზოგადოება ამ ხრიკზე არ წამოეგება, რადგან აღნიშნულ ხელშეკრულებას არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნია“-აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ “კვირასთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს პარლამენტს მიმართა, რუსეთსა და აფხაზეთს შორის “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის” შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით პოზიცია შეიმუშაოს, რის შემდეგაც უშიშროების საბჭოს მოიწვევს. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის” შესახებ შეთანხმების პროექტს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები