შიდა ქართლში 650 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება
შპს „საქართველოს მელიორაცია“, ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს უწყვეტ რეჟიმში ანხორციელებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლში, სოფლების ახალსოფელი-სამწევრისის ტერიტორიაზე სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის 1 კილომეტრიანი მონაკვეთი იწმინდება.
ექსპლუატაციის პროგრამით ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს, რაც დაახლოებით 650 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს.
საირიგაციო არხი ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტების 8 სოფელს (სამწევრისი, ქარელი, ხვედურეთი, ქვენაფლავი, ღვლევი, სკრა, რიეთი, ბეთლემი) ემსახურება.
სამუშაოებს კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს და მიმდინარე თვის შუა რიცხვებში დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ დღეისათვის შიდა ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტურქტურის 10 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს. შედეგად, წყლით უზრუნველყოფა 12,250 ჰექტარ სავარგულზე გაუმჯობესდება.