ლევან დავითაშვილი: გვესმის, რომ პოლიტიკური კონკურენცია გულისხმობს შეჯიბრებითობას და პოლემიკას, მაგრამ ხანდახან არსებობს ეთიკის ზღვრები და მორალური შემზღუდავი ფაქტორები

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი გამოეხმაურა ცალკეული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ნეგატიურ შეფასებებს საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების შესახებ.

„გვესმის, რომ პოლიტიკური კონკურენცია და პოლიტიკური პროცესები თავის თავში გულისხმობს კონკურენციას და შეჯიბრებითობას, სხვადასხვა საკითხზე პოლემიკას, მაგრამ ვფიქრობ, ხანდახან არსებობს ეთიკის ზღვრები და მორალური შემზღუდავი ფაქტორები, რომელზეც მე ხშირად ვსაუბრობდი ხოლმე და ასეთი ერთ-ერთია ეკონომიკური პროცესები. ეს არის საკმაოდ მგრძნობიარე და არ არის კონკრეტულად ერთი ჯგუფის წარმატება ან წარუმატებლობა. ეს არის მოქალაქეების კეთილდღეობასთან პირდაპირ დაკავშირებული, ამიტომ, როცა ვსაუბრობთ ეკონომიკური პროცესების ზიანზე, ვფიქრობ, რომ ეს განსაკუთრებით უპასუხისმგებლოა გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან,“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ხშირად მსგავსი უსაფუძვლო განცხადებები საქართველოს ეკონომიკაზე ვრცელდება ისეთი პოლიტიკოსების მიმართ, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, რომ ისინი წარმოადგენენ ეკონომიკური სფეროს ექსპერტებს და განსაკუთრებული ცოდნა და გამოცდილება გააჩნიათ.

„ამიტომ პრემიერის განცხადება და შეფასება იყო ძალიან მკაფიო და საზოგადოებისთვის გასაგები. საზოგადოებამ თვითონ უნდა შეაფასოს, რეალობა ერთია და პოლიტიკოსების განცხადებები და პროგნოზები, რომელიც ჩვენი მოსახლეობისთვის, საბედნიეროდ, არ სრულდება, განსხვავებული,“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები