მიხეილ სარჯველაძე: სამწუხაროდ, დიდია მოტივაცია ოპოზიციურად განწყობილ ფსევდო-ექსპერტებში, რომ შექმნან ხელოვნური აჟიოტაჟი, რათა კონკრეტული ზიანი მიაყენონ ქართულ ეკონომიკას

,,სამწუხაროდ, დიდია მოტივაცია ოპოზიციურად განწყობილ ფსევდო-ექსპერტებში, რომ შექმნან ხელოვნური აჟიოტაჟი, რათა კონკრეტული ზიანი მიაყენონ ქართულ ეკონომიკას”,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძემ იმედი გამოთქვა, რომ საზოგადოებაც სიფრთხილით შეხედავს ასეთ პირთა დახატულ აპოკალიფსურ სურათებს.

„ჩემთვის საკმაოდ ემოციურია-ხოლმე ასეთ საკითხებზე მსჯელობა. მახსოვს, ადამიანი სრულიად ჩამოყალიბებული სახით, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი, ცდილობდა სრულიად მტკნარი სიცრუე შეეთავაზებინა საზოგადოებისთვის, როგორც ექსპერტული მოსაზრება, თითქოს სამ თვეში მართლაც ჩამოიშლებოდა ქართული ეკონომიკა, რომ ვითარება განვითარდებოდა ძალიან უარყოფითი, პესიმისტური სცენარით და ა.შ. სინამდვილეში, მგონი, მისთვისაც გადასარევად ცნობილი იყო, რომ ეს იყო აბსოლუტურად მოკლებული ყოველგვარ დამაჯერებლობას და საფუძველს, მაგრამ თეატრალიზებული გამოსავლები იყო ამასთან დაკავშირებით, თითქოს როგორ აპოკალიფსურად განვითარდება მოვლენები.

სამწუხაროდ, ხშირად პოლიტიკური მოტივაციით ნაკვები ასეთი ვითომ ფსევდო-ექსპერტული განცხადებები აბსოლუტურად გამიზნულად აზიანებს ეკონომიკას. ამ შემთხვევაში, ეს არის საბედნიეროდ წარუმატებელი მცდელობა, რომ დაზიანდეს იგივე ეკონომიკური შესაძლებლობები ჩვენი ქვეყნისა. ასეთი ტიპის განცხადებები, რომელსაც აკეთებენ, არის ერთგვარი საბოტაჟი. აქედან გამომდინარე, სრულიად გაბედულად დავარქვა ასეთ ადამიანებს ფსევდო-ექსპერტები ამ საკითხებთან დაკავშირებით. ფაქტია, გავიდა სამი თვე და ქვეყნის ეკონომიკა არ ჩამოშლილა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ყველაფერი ჩვენი საზოგადოებისთვის ნათელი უნდა იყოს და ცოტა მეტი სიფრთხილით უნდა უყურებდეს, მათ შორის ჩვენი საზოგადოება, ისეთი ტიპის განცხადებებს, რომელზეც დღეს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. სამწუხაროდ, დიდია მოტივაცია ოპოზიციურად განწყობილ ფსევდო-ექსპერტებში, რომ შექმნან ხელოვნური აჟიოტაჟი, რათა კონკრეტული ზიანი მიაყენონ ქართულ ეკონომიკას, განწყობას ქვეყნის ეკონომიკის მიმართ, მის შესაძლებლობებს და ა.შ. ეს სამწუხარო რეალობაა და დიდი იმედი მაქვს, საზოგადოებაც სიფრთხილით შეხედავს მომავალში ასეთ პირთა დახატულ აპოკალიფსურ სურათებს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები