ავღანეთის აღმოსავლეთით, ნურისტანის პროვინციაში მომხდარ უეცარ წყალდიდობას სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 100-ზე მეტი დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ქვეყნის კატასტროფების მართვის ეროვნული სამსახური (NDMA) იუწყება.
სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა ნურისტანის ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი პარუნი, სადაც ათობით საცხოვრებელი სახლი და ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ოფიციალური ინფორმაციით, დაშავებულია მინიმუმ 80 ადამიანი, ხოლო სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
ავღანეთის ხელისუფლებამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ უახლოეს დღეებში ქვეყნის რამდენიმე რეგიონში კვლავ მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ქარიშხალი და ახალი წყალდიდობები, რის გამოც მოქალაქეებს მდინარეების ნაპირებთან გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს.