გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა რეგულაციასთან შეუსაბამოდ წარმოებული 2,5 ტონა პლასტიკის პარკი დალუქა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა რეგულაციასთან შეუსაბამოდ წარმოებული დაახლოებით 2,5 ტონა პლასტიკის პარკი დალუქა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
„დალუქულია დადგენილ რეგულაციასთან შეუსაბამოდ წარმოებული დაახლოებით 2,5 ტონა პლასტიკის პარკი. 14 სახეობის პარკის ნიმუში კი, დეგრადაციის ხარისხისა და მძიმე მეტალების შემცველობის დადგენის მიზნით, გადაგზავნილია შესაბამის ლაბორატორიაში.
პირველ ეტაპზე ინსპექტირება განხორციელდა თბილისსა და მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქმედ საწარმოებში.
ლაბორატორიული კვლევის დასრულების შემდეგ, პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი კანონით გათვალისწინებულ რეაგირებას მოახდენს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ პარკების მწარმოებელი კომპანიების შემოწმების მიზანია, საცალო ქსელში არ მოხვდეს ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსაბამო პლასტიკის პარკები და, შესაბამისად, შემცირდეს გარემოს დაბინძურება.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოში გარკვეული სისქის პოლიეთილენის პარკების წარმოება შეწყდა, 2019 წლიდან კი არაბიოდეგრადირებადი პარკების წარმოება, გამოყენება და იმპორტი სრულად აიკრძალა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.