“ზაფხულში ლარი ყოველთვის მყარდება ხოლმე, წელსაც  იმავე პროცესს უნდა ველოდოთ”- ეკონომისტი, გიორგი ცუცქირიძე

“ზაფხულში ლარი ყოველთვის მყარდება ხოლმე,  წელსაც იმავე პროცესს უნდა ველოდოთ”- ამის შესახებ ეკონომისტმა გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ცუცქირიძემ ლარის კურსთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, დღეს ლარის ფასი სტაბილურია.

” ზაფხული მოდის.
მაისში,  ფაქტობრივად, ზაფხულია, კლიმატურმა ცვლილებამ გავლენა იქონია. ეს  ტურისტული ინდუსტრიისთვის ყველაზე პოზიტიური დროა. თუ თბილისის ქუჩებში გაივლით, ნახავთ, ტურისტები ახლაც მრავლად არიან. ეს ლარისთვის, ბუნებრივია, პოზიტიურია, უფრო მეტი ვალუტა შემოვა. ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორები შეცვლილი არაა. ზაფხულში ლარი ყოველთვის მყარდება ხოლმე, წელსაც  იმავე პროცესს უნდა ველოდოთ.  დღეს ლარის ფასი სტაბილურია. არც ძალიან გამყარებული ლარი ვარგა, ეს  ექსპორტზე პირდაპირ მოქმედებს. ეროვნული ბანკი, ალბათ,  ინტერვენციებს მოახდენს. რეზერვები ასე ივსება. როცა მაკროეკონომიკური სიტუაცია სტაბილურია, ქვეყანაში ვალუტა უფრო მეტად შემოდის, ვიდრე გადის, რაც ლარზე პირდაპირ მოქმედებს,  ამას  ეფექტური გაცვლითი კურსის ფაქტორი ჰქვია.  ეფექტური გაცვლითი კურსი, ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან ვაჭრობის გაცვლითი კურსია. ეროვნულ ბანკს შეუძლია, ამ პრინციპით  იმოქმედოს, რათა ჩვენი ექსპორტის მხარდაჭერა მოხდეს;  ამ დროს  ინტერვენცია და პირიქით, დოლარის ამოღება ხდება ხოლმე. ამას უფრო ველოდები, ვიდრე ლარის გაუფასურებას და ამისთვის ბაზარზე ეროვნული ბანკის მხრიდან ინტერვენციებს”- განაცხადა ცუცქირიძემ.

ეკონომისტმა ლარის გამყარების მიზეზები განმარტა.  მანვე განაცხადა, რომ  ქვეყნის ეკონომიკა  რაიმე შენელებას არ განიცდის.

“ყველას აინტერესებს, რატომ მყარდება ლარი. არასწორი ცალკეული ექსპერტული შეფასებებია, ალბათ, უფრო ოპოზიციური, რომლებიც ამბობენ,  რომ ქვეყანა კრიზისშია. რამდენიმე ფაქტორია, რომელმაც შესაძლოა, ეკონომიკის კრიზისულ ფაზაში გადასვლა გამოიწვიოს. პირველი  ეკონომიკური ზრდაა. ვიცით, გასულ წელს ეკონომიკური ზრდა 9,5 % გვქონდა. წელსაც, პირველი ორი თვის, ძალიან მაღალი მაჩვენებელია. მარტის ჯერ  გამოქვეყნებული არაა. პირველ თვეს საერთოდ 11%-იანი ზრდა გვქონდა. თუ ვნახავდით, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდა, შეიძლებოდა,  გვეფიქრა, რომ ეკონომიკა კრიზისულ ფაზაში გადადის. რეცესიას არ ვგულისხმობ,  რეცესია კიდევ უფრო სხვა ფენომენია,  ეკონომიკის  ვარდნა მინიმუმ 2 კვარტალში მაინც უნდა იყოს, რაც დღევანდელი მოცემულობით, არათუ არასწორი შეფასებაა, არამედ სიურრეალისტურადაც მიუღებელია. მეორე ფაქტორი, რომელიც, შეიძლება, კრიზისის მაჩვენებელი ყოფილიყო, სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელია. თუ ეკონომიკური ზრდა მაღალია,  სავაჭრო ბრუნვაც მაღალია. ეს გულისხმობს იმას, რომ იმპორტიც მაღალია. როცა იმპორტი ეცემა, ეს ერთ-ერთი ინდიკატორია იმისა, რომ, შესაძლოა, ეკონომიკა კრიზისში შედიოდეს. ეს აჩვენებს  რომ მოხმარება მცირდება. მაგრამ, იმპორტი და ექსპორტიც იზრდება. ექსპორტი რომ უფრო მეტად იზრდება,  ვიდრე იმპორტი,  ზუსტად იმის მაჩვენებელია, ლარი რომ მყარდება. ლარის კურსი კიდევ ერთი ინდიკატორია იმისა, ეკონომიკა კრიზისში არის, თუ არა. ლარის გამყარება ბევრი ფაქტორით ხდება. ეს არის  ინვესტიციებით,  საერთაშორისო ვალების აღებით, ექსპორტის დიდი ნაკადების შემოსვლით, იგივე მომსახურების ექსპორტით, იცით, რომ შარშან ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები  წინა წლებთან შედარებით  საერთოდ სარეკორდო იყო. ლარის გამყარებას კვებავს ის, როცა ქვეყანაში უფრო მეტი დოლარი რჩება, ვიდრე გადის. თუ უფრო მეტი დოლარი რჩება, ვიდრე გადის, ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ეკონომიკა უფრო მეტს გამოიმუშავებს. კიდევ ერთი ინდიკატორი, ეკონომიკა კრიზისშია, თუ არა, უმუშევრობაა. უმუშევრობა რომ იზრდებოდეს, ვიტყოდით , რომ შეიძლება, ეს რაღაც სიგნალია იმისა, რომ ეკონომიკაში რაღაც ხდება. მსგავსი არაფერია.  კიდევ ერთი ფაქტორი ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკაა. თუ მონეტარული პოლიტიკა შერბილებულია, ის ეკონომიკურ ზრდაზე პოზიტიურად აისახება, თუ გამკაცრებულია, ეკონომიკურ ზრდას ანელებს. ბოლო წლებში ერთ-ერთი ფაქტორი სავალუტო კურსის რეგულირებასთან ერთად ეროვნული ბანკის აბსოლუტურად სწორი მონეტარული პოლიტიკა იყო. მან ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერა სრულად მოახდინა. ბევრი ეკონომისტი  ეროვნულ ბანკს აკრიტიკებდა, რადგან მონეტარული განაკვეთი ეტაპობრივად  დაწია, ამბობდნენ, რომ ეს  მაღალ ინფლაციაში აისახებოდა. სადაა მაღალი ინფლაცია? ჯერჯერობით ვხედავთ, რომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელშია (ვგულისხმობ 3%-ს). ეს ინდიკატორიც აჩვენებს , რომ ჩვენი ეკონომიკური მანქანა ამ ეტაპზე რაიმე შენელებას არ განიცდის. გითხარით, ეს ყველაფერი შემდეგ სავალუტო კურსზე როგორ აისახა. ლარი  იმიტომაც მყარდება, ბევრს რომ უკვირს. ვიმეორებ: ექსპორტი გაზრდილია, ინვესტიციებზე ამბობდნენ, რომ აღარ შემოდის, ხომ ვნახეთ, რომ გასული წლის ბოლოს,  მეოთხე კვარტალში, ინვესტიციები წინა პერიოდთან შედარებით 24 %-ით იყო გაზრდილი. ეს არგუმენტიც გაბათილდა. არგუმენტად იყო ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა და მისი გავლენა ეკონომიკაზე.  რუსთაველის გამზირი ყოველ ღამე 3-4 საათით რომ იკეტებოდეს, პირდაპირ უნდა ითქვას, ეს ეკონომიკაზე არანაირ ზეგავლენას არ მოახდენს”- განაცხადა ცუცქირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები