შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა BAG-ის წევრებს დავების განხილვის საბჭოს მიზნები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრებს დავების განხილვის საბჭოს მიზნები და 2023-2025 წლების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო ფოდიაშვილმა დავების საბჭოს მიერ საჩივრების განხილვისა და მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების ვადების შესახებ მომზადებული პრეზენტაცია წარადგინა. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებმა ასევე მოისმინეს ფინანსთა სამინისტროს დავების განმხილველი ორგანოს გაწეული საქმიანობის ანგარიში.
შეხვედრაზე შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა დავების საბჭოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა. მისი თქმით, მჭიდრო პარტნიორობის ფარგლებში, შემოსავლების სამსახური მზად არის ბიზნესსექტორთან თანამშრომლობით დროულად მოაგვაროს მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები.
შეხვედრას, რომელსაც ფინანსთა მინისტრის მოადგილე მამუკა ბარათაშვილი, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან წითელაშვილი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სამსონ ფხაკაძე, ასევე ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე, ასოციაციის კომიტეტებისა და წევრი კომპანიების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ, დიალოგის რეჟიმში წარიმართა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.
დასასრულს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ მადლობა გადაუხადა შეხვედრის მონაწილეებს და აღნიშნა, რომ ბიზნესთან დიალოგი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.