“საპარლამენტთაშორისო კავშირის 150-ე ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ პარლამენტის თავმჯდომარედ ხელახლა არჩევა მომილოცა და აღნიშნა, რომ ხალხის ნება უზენაესია” – პაპუაშვილი
“საპარლამენტთაშორისო კავშირის 150-ე ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ – ნუმან ქურთულმუშმა პარლამენტის თავმჯდომარედ ხელახლა არჩევა მომილოცა და აღნიშნა, რომ ხალხის ნება უზენაესია, ყველამ პატივი უნდა სცეს არჩევნების შედეგებს, რომლებიც სამომავლო განვითარების საფუძველი უნდა გახდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს, რომ საქართველოსა და თურქეთს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა და ხალხთაშორისი მეგობრობა აკავშირებთ.
“ასევე, ვისაუბრეთ საპარლამენტო კავშირების შემდგომ განვითარებაზე. შევთანხმდით, რომ უახლოეს ხანში შეიქმნება საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი თავმჯდომარეების დონეზე.
ნუმან ქურთულმუშმა თურქეთში მიმიწვია.
განვიხილეთ რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის უკრაინის ომის დასრულების სამშვიდობო ინიციატივები, რომლებიც უკავშირდება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ნაბიჯებს.
თურქ კოლეგას მადლობა გადავუხადე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
მხარეები საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე შევთანხმდით”, – წერს შალვა პაპუაშვილი.