სოზარ სუბარი შალვა ჯანაშვილს: ყველა ამბობს, რომ დაახლოებით 1 თვით ადრე გვქონდა ინფორმაცია, რომ რაღაც მზადდებაო და ამ დროს, თქვენ ხართ შვებულებაში, პრეზიდენტი წასულია იტალიაში, გიგა ბოკერია და კეზერაშვილიც გასულები არიან ქვეყნიდან. რანაირად მართავდით ქვეყანას? 

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის” თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის განხილვისას შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მოადგილეს შალვა ჯანაშვილს კითხვა დაუსვა.

დეპუტატმა შალვა ჯანაშვილისგან მიღებული ინფორმაციის შეჯამება გააკეთა და განმარტა, რომ მაშინ, როდესაც როკის გვირაბთან რუსული ჯარი იყო მობილიზებული და ქართული ჯარი ცხინვალთან იდგა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შვებულებაში იმყოფებოდა, საქართველოს პრეზიდენტი იტალიაში და საზღვარგარეთ იყვნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და თავდაცვის მინისტრიც.

„რასაც ვისმენ, სიტუაცია არის ასეთი – ყველა ამბობს, დაახლოებით 1 თვით ადრე გვქონდა ინფორმაცია, რომ რაღაც მზადდებაო. ცხინვალიდან დაწყებულია მოსახლეობის გაყვანა, ჩრდილო კავკასიაში რუსეთის ჯარების წვრთნა მიმდინარეობს და როცა დამთავრდა, ნაწილები კი არ დააბრუნეს თავის ბაზებზე, არამედ დატოვეს როკის გვირაბთან მაქსიმალურად ახლოს. ამის შესახებ საჯარო სივრცეშიც იყო ინფორმაცია და შეუძლებელია დაზვერვას ეს არ სცოდნოდა. ჩვენი ძალების გარკვეული მობილიზება ხდება ცხინვალის მიმართულებით და ამ დროს, თქვენ ხართ შვებულებაში, მარმარისში ისვენებთ, პრეზიდენტი სააკაშვილი საუნაზე არის წასული იტალიაში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია, რომელიც არ იყო უბრალოდ მოადგილე, არამედ ბევრ რამეს წყვეტდა უსაფრთხოების საკითხებში, ქვეყნიდან გასულია, კეზერაშვილიც გასულია ქვეყნიდან. ტანკები და ჯარი 1 დღეში და 5 საათში, რომ ვერ ჩავიდოდნენ იმ ტერიტორიაზე, 7 აგვისტოს უკვე იქ რომ იყვნენ, ეს ხომ თავისთავად ცხადია და რა ხდებოდა საერთოდ? დავიჯეროთ სიმართლეს არ გვეუბნებით და არ იყავით გასულები, თუ ასე არავის არ აწუხებდა ქვეყანაში რა ხდებოდა? რანაირად მართავდით ქვეყანას, ვერ ვხვდები?

სად იყავით, რომელ სასტუმროში, ხომ არ გახსოვთ? “- განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები