“მოწოდება, რომ ჯარი არ დაემორჩილოს ხელისუფლებას, ინსტიტუტებს, არის დანაშაულებრივი” – მამუკა მდინარაძე

“მოწოდება, რომ ჯარი არ დაემორჩილოს ხელისუფლებას, ინსტიტუტებს, არის დანაშაულებრივი, საგამოძიებო ორგანოებმა უნდა განიხილონ, ხომ არ არის აქ დანაშაულის ნიშნები”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, დაუმორჩილებლობისკენ მოწოდება არის მოწოდება საბოტაჟისკენ.

“როცა ისე გინდა შენი ქვეყნის ჩამოქცევა, არევა, რომ მოუწოდებ დაუმორჩილებლობისკენ, ე.ი. აგონიაში ხარ და უდიდეს მავნებლობას ცდილობ. არ გამოუვათ. ეს ქვეყანა დგას თავის სიმაღლეზე. საბედნიეროდ, არ იღებენ ეს ბიჭები ასეთ სულელურ მოწოდებებს, რადგან ხედავენ, რომ ყველაფერს კადრულობენ. რუსებს ეძახიან იმ ადამიანებს, რომლებიც 2008 წლის ომში გმირულად იბრძოდნენ. გმირულად მებრძოლ ადამიანებს მოუწოდებენ დაუმორჩილებლობისკენ, ეძახიან რუსებს ის ადამიანები, ვინც მათ ომის დანაშაულს აბრალებდა. რამხელა პარადოქსულ სიტუაციაში აცხოვრებენ თავიანთ მომხრეებს. ომის გმირებს ეძახიან რუსებს და დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებენ ის ადამიანები, რომელთაც მათ ომის დანაშაული დააბრალეს და ხელი მოუწერეს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს ომის დაწყებაზე. ამ ვირტუალურ და მოდელირებულ რეალობაში ვერ იცხოვრებს ქართველი ხალხი. მე ძალიან კარგად მესმის, რომ არიან ადამიანები, რომლებიც გულწრფელად იჯერებენ, მაგრამ ჩვენ სასაყვედურო და სამხილებელი გვყავს ის ხალხი, რომლებიც ამას აორგანიზებენ. ცოტა ფული არ ჯდება“, – განაცხადა მდინარაძემ.

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ შეიარაღებულ ძალებს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა.

„ნებისმიერი ინაუგურაცია, რომელსაც ეს არალეგიტიმური ხელისუფლება ჩაატარებს იქნება არალეგიტიმური, არასამართლებრივი. ახალ ე.წ. პრეზიდენტს ვერანაირად ვერ უნდა დაემორჩილოს ქართული ჯარი. ქართულმა ჯარმა უარი უნდა განაცხადოს ამ ინაუგურაციაში მონაწილეობაზე”, – განაცხადა ხაზარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები