ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი ლაზარაშვილმა მიმდინარე წელს გაწეული მუშაობის  ანგარიში წარადგინა

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მე-13 სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს შორის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს და ერთხმად დაამტკიცეს, აგრეთვე  მოისმინეს მუნიციპალიტეტის მერის 2024 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში. ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი 36,4 მილიონი ლარით განისაზღვრა, ძირითადი პრიორიტეტებია ინფრასტრუქტურის განვითარება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, სოციალური, კულტურის, განათლების, სკოლამდელი აღზრდის მიმართულებები.

“ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, საკრებულოს წევრებს და დამსწრე აუდიტორიას მუნიციპალიტეტში განხორციელებულ პროექტებსა და პროგრამებზე მიაწოდა ინფორმაცია, დეტალურად ისაუბრა მერიის თითოეული სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეულ საქმიანობაზე. აქცენტი გაკეთდა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის გზების, სასმელი, სარწყავი და სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციაზე,  საბავშვო ბაღების მშენებლობასა  და „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელებულ და მიმდინარე სამუშაოებზე.

აღინიშნა, რომ 2024  წელს ინფრასტრუქტურის კუთხით არსებული საჭიროებების უზრუნველსაყოფად, ცენტრალური  და ადგილობრივი ბიუჯეტების დაფინანსებით 113 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, შეხვედრის მონაწილეები, ასევე დეტალურად გაეცნენ ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ფარგლებში მოსახლეობისათვის გაწეულ დახმარებას. საანგარიშო პერიოდში  4 428-მა ბენეფიციარმა 2 342 933 ლარზე მეტი ოდენობის დახმარება მიიღო. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს ჯამში 27 სახის ქვეპროგრამით სარგებლობა შეუძლიათ. მერმა ასევე, მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში ორგანიზებული კულტურული და სპორტული ღონისძიებებიც შეაჯამა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა, მათ მოსაზრებებს და წინადადებებს გაეცნო. საკრებულოს წევრების მხრიდან კი დადებითად შეფასდა მომავალი წლის ბიუჯეტი, წარმოდგენილი ანგარიში და მუნიციპალიტეტში მიმდინარე, განხორციელებული  და სამომავლოდ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები