მედია: ჰორმუზის სრუტის გახსნის შემთხვევაში, ერაყმა შესაძლოა ნავთობის ექსპორტი ერთ კვირაში აღადგინოს
თუ ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები შეჩერდება და ჰორმუზის სრუტე გაიხსნება, ერაყს შეუძლია ნავთობის ექსპორტი ერთ კვირაში დღეში 3.4 მილიონ ბარელამდე აღადგინოს, რაც რეგიონში კონფლიქტის ესკალაციამდე არსებულ დონეს შეესაბამება, – ამის შესახებ ერაყული ნავთობკომპანია Basra Oil Company-ის ხელმძღვანელმა, ბასემ აბდულ კარიმმა განაცხადა.
„ერაყის სამხრეთ საბადოებში წარმოება დღეში დაახლოებით 900 000 ბარელია, მაგრამ თუ ომი დასრულდება და ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გავლა გარანტირებული იქნება, ექსპორტმა შესაძლოა ერთ კვირაში დღეში 3.4 მილიონ ბარელს მიაღწიოს“, – წერს სააგენტო და მიუთითებს, რომ ეს დონე შეესაბამება ქვეყნის ექსპორტის მაჩვენებლებს ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის ესკალაციამდე.
„როიტერის“ ანალიზის თანახმად, სპარსეთის ყურის ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებს შორის, ერაყმა სრუტის ფაქტობრივად დახურვის შედეგად ყველაზე დიდი შემოსავლის დანაკარგი განიცადა, რადგან მას ალტერნატიული მიწოდების მარშრუტები არ გააჩნია.