დაიბადა ქარელის რაიონის სოფელ აგარაში, სკოლა მოხისში დაამთავრა. ბავშვობიდან ხატავდა. 15 წლისამ გაიმარჯვა კონკურსში და მისი ნამუშევრები კალენდარში მოხვდა. შემდეგ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიის, თეორიისა და რესტავრაციის ფაკულტეტი დაამთავრა.
მის ალბომში ფანქრით შესრულებული უამრავი ჩანახატია. „დავხატე მრავალი ადამიანი, მაქვს ჩანახატები, სკეტჩები… თუმცა ჩემი ოცნება მაინც მულტიპლიკატორობა რჩება“. – თამარ ლუქუნიძის პერსონა.
– 15 წლის ასაკში კონკურსში გაიმარჯვეთ….
– ჩემს სოფელში მილსადენის კომპანია გადიოდა. ახლომახლო სოფლების მოსწავლეებისთვის ხატვის კონკურსი გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობის დროს მილსადენის კომპანიამ გთხოვა, დაგვეხატა „საქართველოს მომავალი ბავშვების თვალით”. დავხატე საქართველოს რუკა, რომელიც გოგოს და ბიჭს უჭირავთ ხელში. ჩემი ნამუშევარი პირველ ადგილზე გავიდა, გამოსცეს 2000 წლის გადასაშლელი დიდი კალენდარი, ყოველ თვეს თითო მონაწილის ნახატი ამშვენებდა. ჩემი გამარჯვებული ნახატი გარეკანის ყდაზე გამოიტანეს. მეორე ნახატი კი სექტემბრის თვეში გამოქვეყნდა. ბევრი საჩუქარი მივიღე – აკვარელი, ფანქრები, ფოტოაპარატი, რაც მაშინ იშვიათობა იყო.
სხვათა შორის, მეორე ნახატის – წეროების იდეა დედაჩემს ეკუთვნის. მას დიდი როლი მიუძღვის, რომ ვხატავ და წარმატებები მაქვს. ეს სურათი აგარაში ჩემს ტბაზე ვნახე, ნაწილობრივ კი წარმოსახვით დავხატე. დედამ მირჩია, რომ ასეთი კომპოზიცია გამეკეთებინა.
– უამრავი ჩანახატი და სკეტჩი გაქვთ… ხატავთ პორტრეტებს, ბუნებას, პეიზაჟებს…
– მართალია უამრავი ჩანახატი, სკეჩი, პორტრეტი, ცხოველი, ბუნება დამიხატავს. ხანდახან ეს ყველაფერი უცებ, სწრაფად შექმნილა. თუნდაც ზოოპარკში შესვლისას, ცხოველებს ერთი ხელის მოსმით ვხატავდი, ანუ სწრაფ ჩანახატებს ვაკეთებდი… ეს ჩანახატები შენახული მაქვს, შემიძლია მათ მიხედვით კიდევ რაიმე ახალი კომპოზიცია დავხატო….რაც შეეხება პორტრეტებს, ყოველთვის ვიტოვებდი ჩემთვის, სხვას არ ვაძლევდი საჩუქრად და მერე ვაკვირდებოდი, როგორ ვითარდებოდა ჩემი ტექნიკა.
– როგორ დაიხატა პატრიარქი?
– ჩვენთან ხაშურში არის ძალიან კარგი ხატმწერი გიორგი ლიჩელი, რომელიც დიდ კონკურსს ატარებს – „ჩემი პატრიარქი“. კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით გამოცხადდა, რომ ბავშვებს დაეხატათ პატრიარქი. ჩემს მოსწავლეებს ვაცნობე, რომ კონკურსში მონაწილეობის და გამარჯვების შანსი ეძლეოდათ. მათთვის ცოტა რთული აღმოჩნდა პატრიარქის დახატვა. მე შევეცადე მათთვის შემექმნა პატრიარქის პორტრეტი და გამოვაქვეყნე ჯგუფში – „აწარმოე ქართული“. ასე დავემშვიდობე პატრიარქს…
ადრე მგალობელი მედავითნე ვიყავი, სიონშიც ვგალობდი. აგარაში ჩამოსვლის დროს მედავითნე ვიყავი. იმ წლებიდან დიდი სითბო გამომყვა. მიყვარდა პატრიარქის ეპისტოლეები. სიცოცხლეში თამარ მეფის ხატიც შევწირე.
თამარ მეფის პატარა ძალიან ლამაზი ხატი დავწერე და პატრიარქთან შევაგზავნე საკურთხეველში. სტიქაროსანს გადავეცი, პატრიარქს მინდა საჩუქრად მივცე-მეთქი წარწერით. მაშინ ხატწერას მივსდევდი, ბევრ ხატმწერთან ვემზადებოდი: ლაშა კინწურაშვილთან, გიორგი ეგნატაშვილთან, ქეთევან ხაჟომიასთან. ვგალობდი სალაყაისთან და მის სკოლაში სხვა მასწავლებლებთან.
შემდეგ ისე მოხდა, რომ ხატვას გავყევი. ბედნიერი ვარ, რომ ხელოვნებას დავუკავშირე ჩემი ცხოვრება.
– რომელ ნამუშევრებს გამოარჩევდით თავად? ხასიათი, გამომეტყველების დაჭერა, – უმთავრესია პორტრეტებში…
– ერთი ინვალიდი ბიჭი იყო, კიბეებზე ხატავდა ხოლმე – დათო ერქვა, ჰუსეინას ვეძახი. ის ძალიან კარგი გამომივიდა. ამ ბოლო დროს დახატული ნატურმორტებიც მომწონს.
რაც შეეხება პორტრეტს, მისი ხატვისას პირველ რიგში, ვცდილობ, რომ გარეგნულადაც ჰგავდეს. თუმცა ხასიათს რომ ვიჭერ, ხანდახან იქ ჩემეული განწყობაც ჩანს. ანუ, მე უფრო შინაგან სამყაროს ვხატავ. ჩემი პორტრეტები ასე ვთქვათ, ზუსტი ასლები არ არის.
– შთაგონება…
– ყოველთვის, როცა მინდოდა რაიმეს დახატვა, ვერ ვხატავდი ცხოვრებისეული პრობლემების გამო. მეგონა, რომ ხატვისთვის აუცილებელი იყო გარემო პირობები, მაგრამ სინამდვილეში არსებითია სიმშვიდე და შინაგანი მზაობა. ადამიანს არ უნდა ჰქონდეს სანერვიულო, რომ ხატოს. შთაგონებაც ჩემთვის აქედან მოდის. ვცდილობ, რომ როცა ბავშვი ბაღშია, ის თავისუფალი დრო გამოვიყენო, რომელიც სჭირდება შთაგონებას და ხატვას.
– თავის დროზე ანიმატორობაზე ოცნებობდით…
– ადრე ჩემი ოცნება იყო, გავმხდარიყავი ანიმატორი, ანუ მულტიპლიკატორი. ძალიან მომეოწონა ჰაიაო მიაძაკის ანიმაცია Spirited Away. ისიც გავიგე, რომ ჰაიაო მიაძაკი ზღაპრებიდან ქმნის ფილმებს. დიდი მოტივაცია გამიჩნდა, რომ იაპონური მესწავლა. ბავშვი ექვსი თვის მყავდა მაშინ. ჩემით იაპონურის სწავლაც კი დავიწყე. ძალიან მინდოდა ჰაიაო მიაძაკის ნახვა. ღრმა ფსიქოლოგიური ფილმებია. თურმე იაპონიაში ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მოტივაციას, მონდომებას. სიჯიუტეს და მონდომებას აფასებენ ბავშვებში, მომავალ თაობაში იაპონელები. აი, ეგ მონდომება და ეგ სიჯიუტე მომწონს ძალიან.
ერთი სიტყვით, ეს მაქვს გეგმაში, მაგრამ ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული. ხუმრობით ვამბობ, ალბათ 80 წლის ასაკში მაინც გავხდები ანიმატორი-მეთქი.
– ოჯახი…
– პირველ ყოვლისა, ძალიან ვუმადლი დედას. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ მე დღეს ხელოვნების გზა ავირჩიე და ვხატავ. იგი პროფესიით ექიმია, მაგრამ ახლა უკვე აღარ მუშაობს და ძირითადად სახლში საქმიანობს. თავადაც ხატავს ნახატების ასლებს.
პატარა შვილი მყავს, ჯერ ოთხი წლის არ არის, ბაღში დამყავს. მეუღლეს ხელოვნებასთან შეხება არ აქვს, მაგრამ ყველანაირად მხარში მიდგას, ხელს მიწყობს. მეხმარებიან. რაც მთავარია, რაც ოჯახი შევქმენი, უკეთესად წავიდა ჩემი საქმე.
– სამომავლო გეგმები.
– ბევრი ოცნება და გეგმა მქონდა, მაგრამ ჯერჯერობით პედაგოგიურ საქმიანობაა მთავარი და კერძო შეკვეთებზე ვმუშაობ.
პერსონალური გამოფენა 2006 წელს მქონდა. სამომავლოდ, მინდა კიდევ უფრო დავხვეწო ჩემი შემოქმედება. დანარჩენს ცხოვრება გვიჩვენებს.







თამარ შაიშმელაშვილი